რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ის კრასნოდარის მხარის გუბერნატორია 2000 წლიდან. რუსულ მედიაში აღნიშნავენ, რომ ტკაჩოვმა 2005 წელს კრასნოდარის ბიუჯეტიდან 5 მილიონი რუბლი გამოყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, 2008 წელს კი სერგეი ბაღაფშთან ერთად გააფორმა შეთანხმება სოჭის ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოების გასაწევად თანამშრომლობისთვის. ტკაჩოვისთვის, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსის მინიჭებას მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი უწოდეს თბილისში.
ალექსანდრ ტკაჩოვი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოში და ის არის ერთ-ერთი უშუალო პასუხისმგებელი 2014 წლის ზამთრის ილიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებზე. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ ბიუროს წევრებს შესთავაზე, პარლამენტმა პლენარული სხდომისა და კომიტეტების დონეზე მიმართოს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტებს იმის თაობაზე, თუ რა ნეგატიური ნაბიჯები იდგმება რუსეთის მხრიდან ოლიმპიური თამაშების ჩატარების კონტექსტით. "გარდა იმისა, აფხაზეთში დგას საოკუპაციო ჯარი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს, ახლა პირდაპირ, უკვე პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძლველზე დაუნიშნეს უფროსი თავის მარიონეტ ადგილობრივ ხელისუფლებას. ეს კარგად აჩვენებს რუსეთის დამოკიდებულებას აფხაზების და აფხაზეთის მიმართ. შემაშფოთებელია, რომ ოლიმპიადის ქვეტექსტით ხდება ასეთი ნაბიჯების გამართლება"–აღნიშნა დავით ბაქრაძემ.




