ქართული რაგბი

რაგბი: საქართველო 46:0 რუსეთი

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის 2012 წლის გათამაშების უკანასკნელ ტურში რუსეთის ნაკრებს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე რეკორდული ანგარიშით 46:0 სძლია! ასეთი სხვაობა ამ გუნდების დაპირისპირების 19-წლიან ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა.
მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს და გამარჯვებისთვის განკუთვნილი 4 ქულის გარდა პრემიალური ქულაც მიიღეს, რომელიც გუნდებს ოთხი და მეტი ლელოს დადების შემთხვევაში ენიჭებათ.
პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი უპირატესობა გაზარდეს. სპეციალურმა კომისიამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჩვენი გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე დაასახელა, რომელმაც ერთი ლელო მიითვალა და ერთხელაც, მეტოქის ჩათვლის ზონაში შეჭრილმა, ლელო დიდსულოვნად დაუთმო ირაკლი მაჩხანელს. ამ უკანასკნელის ანგარიშზე ორი ლელოა.
დღესვე ესპანეთის ნაკრებმა რუმინეთს 13:12 სძლია. ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ცხრილს საქართველოს ნაკრები ლიდერობს 15 ქულით, მდევარ ესპანეთს კი 14 ქულა აქვს.
ორივე გუნდს თითო მატჩი აქვს ჩასატარებელი: საქართველოს ნაკრები პირველი ტურის გადადებულ შეხვედრაში უკრაინას ოდესაში დაუპირისპირდება, ესპანეთი კი ასევე გადადებულ მატჩს გამართავს რუსეთში.
იმ შემთხვევაში, თუ ბორჯღალოსნები მაჩანჩალა უკრაინას პრემიალური ქულით დაამარცხებენ, ჩვენი გუნდი შარშან მოგებულ თასს შეინარჩუნებს.
ცნობისათვის: საქართველოს ნაკრები ერთა თასზე 2000 წლის შემდეგ მუდმივად პირველ სამეულშია, 2001, 2008, 2009 და 2011 წლებში კი ბორჯღალოსნებმა გათამაშება მოიგეს.

კომენტარები