საქართველოს პრეზიდენტი დღეს გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ხელისუფლება ქვეყანაში სამოქალაქო ომისთის ემზადება.
მიხეილ სააკაშვილი წეროვანში, სასათბურე მეურნეობის დათვალიერებისას ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს ხელისულების ოპონენტთა რიტორიკაში "ახალი ნოტები გაჟღერდა".
"ისინი დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის, ჰომსის სცენარით. მინდა, გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს – დაემუქრნენ ათასობით ადამიანური მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სიტყვით – კატასტროფით. მინდა, ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა - 1992. როგორც ჩანს, ვიღაცეებმა ჭკუა საერთოდ ვერ ისწავლეს . მათი ნაწილის გამოცვლა არის სრულიად შეუძლებელი, მხოლოდ კიდევ უფრო გაუარესება ხდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ”მხედრიონის” თარეშმაც ვერ ააღებინა სამეგრელოს საზოგადოებას ხელი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეაზე. "ჩემი თვალით ვნახე 2008 წელს, როგორი ღირსებით, თავაწეული შეხვდნენ იქაური ადამიანები რუს ოკუპანტებს. იმ ხალხს ნურაფრით ნუ ემუქრებით, ძალიან გთხოვთ. სამეგრელო-ზემო სვანეთი დღეს არის რეგიონი, სადაც არის წარმოუდგენლად კარგი პროექტები ჩვენი გრძელვადიანი მომავლისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
"ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების (რეგიონის მაცხოვრებელთა) მიმართ უბრალოდ, ძალიან დიდი უზნეობაა. დაანებეთ თავი ასეთ თემებთან თამაშსაც კი, თუნდაც თქვენს ფანტაზიებში და თუ აზრად გაქვთ, თქვენთვის შეინახეთ. ჩვენ დაგვაცადეთ შენება და ადამიანებს დააცადეთ ცხოვრება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსდენებთ, კოალიცია ქართული ოცნების წევრმა, თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში შეიარაღებულ ჯგუფებს ქმნის, რამაც შეიძლება ქვეყანა სამოქალაქო ომამდე და „სირიის სცენარამდე“ მიიყვანოს.




