კოალიცია ”ქართული ოცნება” ”მორიგი უკანონობის” გამოვლინებად განიხილავს პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, პოლიტიკური სუბიექტის უკანონო დაფინანსების გამო.
”საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილსა და ამ პირებს შორის კერძოს ამართლებრივი ურთიერთობის სფეროა. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი დაბარებულია საქართველოს კონტროლის პალატაში. უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს, გადაუკეტოს დაფინანსების ყველა საშუალება კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სუბიექტებს, რათა მოუსპოს მოქალაქეებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის ყოველგვარი სურვილი და შესაძლებლობა. ”- ნათქვამია კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კონტროლის პალატა კი აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მონიტორინგის სამსახურში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად ამ ორგანიზაციის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვაგვარ ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან. დამატებითი კვლევების შედეგად კი გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული პირები პირად დაფინანსებას იღებენ ფიზიკური პირის- ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან. დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 406 000 ლარს.
”დაფინანსების აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წარმოადგენს სამართალდარღვევას.ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ტარდება შესაბამისი ადმინისტადმინისტრაციული პროცედურები ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე.”- აღნიშნულია განცხადებაში , რომელიც კონტროლის პალატამ გაავრცელა.




