რუსეთი

პიროსის გამარჯვება

'ძვირფასო ვლად! რა სიურპრიზია! რა სიურპრიზია! შენ გაიმარჯვე. რუსი ხალხიც ტირის', – ამ ფრაზით 'მიულოცა'ამერიკელმა კონსერვატორმა კონგრესმენმა ჯონ მაკკეინმა თვალცრემლიან ვლადიმირ პუტინს გამარჯვება. მას მილოცვა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა დაასწრო. დიქტატორებზე ეუთოს და სხვა ორგანიზაციების განცხადებებს არჩევნებზე მასობრივი დარღვევების შესახებ გავლენა არ ჰქონია. პუტინის გამარჯვებით გახარებულთა სიაში მოხვდნენ უგო ჩავესი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი და ჩინეთის ლიდერი ჰუ ძინტაო.

დასავლეთის რეაქცია პუტინის გამარჯვებაზე განსხვავებული იყო. ევროკავშირმა, ქეთრინ ეშტონის სიტყვებით, „ჩაინიშნა” (took note) რუსეთის არჩევნების შედეგები. ეს დიპლომატიურ ენაზე ასე გადაითარგმნება – „ვაღიარებთ, რომ მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი დიდად არ მოგვწონს”. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ დაახლოებით იმავე ტონით უპასუხა რუსეთის არჩევნებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მილოცვასთან ერთად პუტინს დემოკრატიული და ეკონომიკური მოდერნიზაციის დაწყებისკენ მოუწოდა. გერმანიის კანცლერმა „მნიშვნელოვან საქმეებში” წარმატება უსურვა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა ტელეფონით მიულოცა გამარჯვება და ზოგიერთ საკითხზე „უთანხმოების” მიუხედავად, ურთიერთობის გაღრმავებისკენ მოუწოდა.

თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში პუტინის სახელი საერთოდ არ იყო ნახსენები: აშშ „მზად არის იმუშაოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, მას შემდეგ რაც არჩევნების შედეგები დადასტურდება და ის ოფიციალურად გახდება რუსეთის პრეზიდენტი”. აშშ აღშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტებზე და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. თუმცა ვაშინგტონმა განცხადებაში რუსეთის მთავრობის რეფორმის მცდელობაც (გუბერნატორების პირდაპირი არჩევნები და პარტიის რეგისტრაციის გამარტივება) აღნიშნა. კრიტიკული შეფასება მისცა რუსეთის არჩევნებს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა მიტ რომნიმ: „ის, რაც რუსეთში ვიხილეთ, არის დემოკრატიული პროცესის შეურაცხყოფა... რუსეთში დემოკრატიის გაქრობასთან ერთად, პრეზიდენტ ობამას პოლიტიკას გადატვირთვა კი არა, უკან დახევა უნდა ეწოდოს”.

პუტინის გამარჯვება დასავლეთისთვის პრობლემატურია. Guardian-ის ავტორი ლიუკ ჰარდინგი წერს, რომ ევროპაში ვერავინ შეძლო წარმატებული პუტინპოლიტიკის შექმნა. ბრიტანელი ლეიბორისტის, დენის მაკშეინის შეფასებით, ევროკავშირის წევრების პოლიტიკა მორალური და რეალისტური პოლიტიკის ნაზავია და, საბოლოო ჯამში, გაურკვეველი მიზნები აქვს.

პუტინის ძალაუფლებაში „დაბრუნებამ” კიდევ ერთი დაღი დაასვა ისედაც წარუმატებელ გადატვირთვის პოლიტიკას, რომელიც ილუზიებზე იყო დაფუძნებული. რეალურად, სათავეში მაინც პუტინი იდგა. აშშ-ის მცდელობა, მედვედევი აქტიურ ლიდერად გამოეჩინა, წარუმატებელი გამოდგა. პუტინის სათავეში მოსვლით მხოლოდ მოლაპარაკებების ტონი შეიცვლება. რუსეთი უფრო მკაცრი ენით გამოხატავს იმავე პოზიციებს. სინამდვილეში კი, ეს ყოველგვარი ილუზიების გაქრობას შეუწყობს ხელს. პუტინს საშინაო პოლიტიკაშიც სერიოზული გამოწვევები ელის და საგარეო პოლიტიკაში მკაცრი ტონით აპირებს პოზიციის გამაგრებას. ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტი თავიდანვე აგრესიული არ იქნება აშშ-ის მიმართ. ის ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგს დაელოდება. ეს საშუალებას მისცემს გაიგოს, თუ ვინ არის მისი ოპონენტი.

ედვარდ ლუკასი The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ პუტინმა ბრძოლა მოიგო, თუმცა ომში დამარცხდა. მისი შეფასებით, არჩევნებმა რუსული პოლიტიკა გამოაცოცხლა. რუსეთის მოქალაქეების 35% არჩევნების შედეგს არალეგიტიმურად მიიჩნევს, 40% კი მთავრობას არ ენდობა. ქუჩაში გამოსულმა უკმაყოფილო ამომრჩეველმა შეიძლება პუტინის მმართველობა ექვსიდან ორ წლამდე შეამოკლოს.

ლუკასის სტატია კარგად გამოხატავს მთლიანად დასავლურ პრესაში გავრცელებულ განწყობას. 5 წლის წინ ჟურნალმა Time-მა პუტინი წლის ადამიანად დაასახელა. მაშინ მთლიანად დასავლური პრესა პუტინს მკაცრ, ცივსისხლიან, კარდინალ რიშელიეს ტიპის პოლიტიკოსად ხატავდა. პრეზიდენტი ამ კვირაშიც ბევრი ჟურნალის ყდაზე გამოჩნდა, თუმცა სათაური ამჯერად ასე იკითხება – დასასრულის დასაწყისი (The Economist-ის 3 მარტის ყდა).

კომენტარები