ოკუპირებული აფხაზეთი

საქართველოს საგარეო უწყება აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ ”არჩევნებს” ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის გადაფარვის უკანონო, წარუმატებელ მცდელობას უწოდებს. 

”უკანასკნელი 20 წლის მანძილზე რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მარიონეტული რეჟიმების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ძირეულად შეცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვათ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ.”- აღნიშნავს საგარეო უწყება საკუთარ განცხადებაში. მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დადგმული არჩევნებად წოდებული ფარსი და განაგრძოს რუსეთზე ზეწოლა, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

აფხაზეთის ტერიტორიაზე 10 მარტს დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები ჩაატარეს. 35 მანდატზე პრეტენზიას 148 კანდიდატი აცხადებდა. სოხუმიდან გავრცელებული ცნობით, მაჟორიტარული წესის კენჭისყრაში გამარჯვებული 35 -იდან მხოლოდ  13 ოლქში გამოვლინდა, ამიტომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ”არჩევნების” მეორე ტურს ჩაატარებენ.

 

კომენტარები