ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარემ, ბათალ ტაბაღუამ, დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რეგიონში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მისი თქმით, 35 საარჩევნო ოლქიდან მხოლოდ 13-ში მოახერხეს დეპუტატების არჩევა. დანარჩენში კი პროცედურა ხელმეორედ ჩატარდება.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. არჩევნებში, რომელიც გუშინ ჩატარდა, 148 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. აქ პარლამენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე. თითოეულ ოლქში არჩეულად ის ითვლება, ვინც ხმების ნახევარზე მეტს დააგროვებს. არჩევნებში ამომრჩეველთა დაახლოებით 44%-მა მიიღო მონაწილეობა.

არჩეული დეპუტატების რიცხვში უკვე შევიდა აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, რაულ ხაჯიმბა. ერთი დეპუტატი მმართველი პარტიიდანაა. დანარჩენი 11 კი "დამოუკიდებელი" კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა არჩევნებში. ოლქში, რომელშიც კენჭს იყრიდა პარლამენტის მოქმედი სპიკერი, ნუგზარ აშუბა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. აშუბას ოპონენტია სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგი, დაურ გურგულია.

 

კომენტარები