ოკუპირებული ტერიტორიები

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დღეს 5 წლის ვადით 35 წევრი უნდა აირჩიონ. 174 საარჩევნო უბანი დილის რვა საათიდან გაიხსნა. ოკუპირებულ რეგიონში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაა. არჩევნებში მონაწილეობას სულ 148 კანდიდატი იღებს. მათგან 21 მოქმედი დეპუტატია.

როგორც მედია გადმოსცემს, საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. რაც შეეხება დამკვირვებლებს - ისინი, ძირითადად, რუსეთიდან არიან. ასევე იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს - ნიკარაგუადან, ვენესუელადან და ტუვალუდან. ეს უკანასკნელები აღნიშნავენ, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული და მას დემოკრატიულს უწოდებენ.

148 კანდიდატიდან პოლიტიკურმა პარტიებმა მხოლოდ 34 წარადგინეს. მათგან 11 მმართველმა პარტიამ - ერთიანმა აფხაზეთმა. ამდენივე კანდიდატი ჰყავს რაულ ხაჯინბას პარტიას. 6-6 კანდიდატი ჰყავთ ეკონომიკური განვითარებისა და კომუნისტურ პარტიებს. დანარჩენები კი საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი „დამოუკიდებელი კანდიდატები“ არიან.

ე.წ. არჩევნების წინასწარი შედეგები ხვალისთვის გახდება ცნობილი. მას არალეგიტიმურად მიიჩნევს საქართველო და მთელი საერთაშორისო საზოგადოება- გარდა რუსეთისა და იმ რამდენიმე ქვეყნისა, რომელმაც რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო.

 

კომენტარები