პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენელმა ლუის ნავარომ განაცხადა, რომ 2011 წლის დეკემბერში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებს NDI–ს საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია. ”მე, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ვიცი, მათი ძირითადი შეშფოთების საგანი ის არის, რომ კანონში მისი მოქმედების ზუსტად გაწერილი კრიტერიუმები, პროცედურები და განრიგი არ არსებობს,“ – აღნიშნა მან. NDI-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, პარლამენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ და ამ პროცესთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაციები ორივე მხარეს გაუზიარა. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელი შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ კანონში გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებებით ამოქმედდა შეზღუდვები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მხრივ, მათ შორის: იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ და ა.შ.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კანონში არსებული ახალი რეგულაციები საერთაშორისო ფონდებსა და არასამთავრობო სექტორზე არ ვრცელდება. მაგრამ, რაკი გარკვეული წუხილები მაინც არსებობს, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, კანონში დამატებითი გარანტიები შეიტანოს. აკაკი მინაშვილის თქმით,„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში აუცილებლად შევა ნორმა იმის შესახებ, რომ კანონით განსაზღვრული რეგულაციები საერთაშორისო არასამთავრობო ორგნიზაციების საქმიანობას საფრთხეს არ უქმნის.
"მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა ცხადად გამოხატა სურვილი, შეცვალოს კანონმდებლობა, მაგრამ ჩვენი წუხილი იმაში მდგომარეობს, რომ აქცენტი უცხოელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებზე კეთდება მაშინ, როცა კამპანიის - "ეს შენ გეხება"-ს შექმნის მიზანი მხოლოდ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესების დაცვა არ ყოფილა, პირიქით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ კანონი საფრთხეს უქმნის უბრალო მოქალაქეებს"-განაცხადა კამპანია - "ეს შენ გეხება"-ს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებში სხვა მოთხოვნებთან ერთადაა: დავიწროვდეს იმ პირთა წრე, რომლებიც შესაძლებელია დაექვემდებარონ პარტიისთვის დადგენილ შეზღუდვებს. აღნიშნული შეზღუდვები კი გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომელთაც გაცხადებული აქვთ საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევენ ხარჯებს, განისაზღვროს კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლები, რათა მას არ მიეცეს თავისუფალი მანიპულირების საშუალება.




