ჯანმრთელობა

უშაქრო ცხოვრების გაკვეთილები ძიძა სახელმწიფოსგან

“ალბათ უკეთესია იცხოვრო ავაზაკი ბატონების ძალაუფლების ქვეშ, ვიდრე ყოვლისშემძლე მორალისტი აბეზრების. ბატონების ულმობლობა ხანდახან თვლემს, მაგრამ ისინი ვინც გვაწამებენ ჩვენივე სიკეთისთვის, გვაწამებენ დაუსრულებლად, რადგან ამას საკუთარი სინდისის კარნახით აკეთებენ”.
კლაივ ლიუისი         

ცოტა ხნის წინ, კალიფორნიელი მეცნიერები (UCSF) ამტკიცებდნენ, რომ შაქარი ადამიანის ორგანიზმს არანაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი, ამიტომ, სახელმწიფომ მისი მოხმარება მკაცრად უნდა შეზღუდოს. „ბევრი თვლის, რომ შაქარი მხოლოდ „ცარიელი კალორიებია”. სინამდვილეში, სულ უფრო მეტი კვლევა ადასტურებს, რომ ფრუქტოზას შეუძლია ღვიძლის ტოქსიკურობა და სხვა მრავალი ქრონიკული დაავადება გამოიწვიოს – მცირე დოზებით მიღება პრობლემა არ არის, მაგრამ ბევრი – ნელ სიკვდილს იწვევს”. მკვლევრები გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ უკანასკნელი 50 წლის მანძილზე შაქრის მოხმარება სამჯერ გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო „სიმსუქნის პანდემიას”. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო, არასწორი კვება, სიგარეტი და ალკოჰოლი გაეროს მიერ მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობის ყველაზე დიდ მტრებად არიან გამოცხადებული. მკვლევრები ამ პრობლემის მოსაგვარებლად გვთავაზობენ, სიგარეტისა და ალკოჰოლის მსგავსად, შაქარზეც გავზარდოთ გადასახადები და შაქრისშემცველ პროდუქტებზე ასაკობრივი ზღვარი დავაწესოთ. ეს ნიშნავს, რომ არასრულწლოვნები მშობლების გარეშე ვერ იყიდიან ტკბილეულს, რომელიც ჩვენს წარმოდგენებში სწორედ საბავშვო საკვებად დამკვიდრდა.

ამბიციურმა მოთხოვნამ კიდევ ერთხელ წარმოშვა დისკუსია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს როგორც ამგვარი კვლევების სანდოობას, ისე კვების პროდუქტებზე სახელმწიფო რეგულაციების მიზანშეწონილობას. მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ განსხვავებით სიგარეტის მავნე ზემოქმედებისგან, რომელსაც კონცენტრირებული ეფექტი აქვს და ზუსტად შეიძლება დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოწევასა და სიკვდილიანობას შორის, – იმავეს გაკეთება შეუძლებელია შაქრის, მარილისა თუ სხვა საკვები პროდუქტების შემთხვევაში. გამორიცხული არ არის, რომ მავნე და ტოქსიკური ეფექტი ნამდვილად არსებობს, ამას კვლევებიც უმაგრებს ზურგს, მაგრამ მაღალი სიკვდილიანობის შესახებ დასკვნა, შეუძლებელია, იყოს ფაქტი. სიკვდილიანობაზე სხვა ბევრი ფაქტორიც ახდენს გავლენას – სანამ თითოეული მათგანის იზოლირებას არ შევძლებთ, რაც მხოლოდ საზოგადოების ლაბორატორიულ პირობებში მოთავსებითაა შესაძლებელი, მაღალი სიზუსტით რისამე მტკიცება არამეცნიერულია.

ამასთან, რომც შევძლოთ კონკრეტული გავლენის ზუსტი დადგენა, არ გვაქვს გარანტია, რომ საკვები ნივთიერების რაციონიდან მასობრივად ამოღება ადამიანთა ჯანმრთელობას სხვა ზიანს არ მიაყენებს. არავინ იცის, რა გაუთვლელ შედეგებს მივიღებთ, როცა მოსახლეობა გარკვეულ ნივთიერებას მოიკლებს. არც ის ვიცით დანამდვილებით, რომ წამალი ავადმყოფობაზე უარესი არ აღმოჩნდება. მსგავსი განუთვლელი შედეგებისგან საზოგადოება თავს დეცენტრალიზაციით იცავდა: შანსი, რომ კონკრეტული ადამიანი ან ჯგუფი შეცდეს, რასაკვირველია, არსებობს მაშინაც, როცა მოსახლეობის თითოეული წევრი და ოჯახი საკუთარ ბედს თავად განკარგავს და საკუთარ შვილებსაც არჩევანის მიხედვით განუსაზღვრავს მენიუს – მაგრამ ამ შეცდომის შედეგები მთელ საზოგადოებაზე არ ვრცელდება. ამის საპირისპიროდ, მეტად სარისკოა სახელმწიფოს მიზანმიმართული მცდელობა, გამოიყენოს ერთი იდეალური მეთოდი – საფრთხის ქვეშ შეიძლება მთელი საზოგადოება აღმოჩნდეს და ფატალური შედეგები მივიღოთ, რადგან მოცემულ შემთხვევაში, ყველა კვერცხი ერთ კალათაში მოვათავსეთ და თუ ეს უკანასკნელი საკმარისი გამძლეობის არ აღმოჩნდება, ყველა ერთად გატყდება.

თემის აქტუალობას დიდწილად ის განსაზღვრავს, რომ მკვლევრების ინიციატივა ერთი ჯგუფის კერძო მოსაზრება არ არის. მაგალითად, ნიუ იორკის მერმა ბლუმბერგმა გაეროს შემოდგომის სესიაზე განაცხადა, რომ „სახელმწიფოს უმაღლესი ვალდებულებაა”, მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემები შეზღუდვების გზით მოუგვაროს. ამერიკაში უკვე ელიან მარილზე შემოღებულ რეგულაციებს, რომელიც მიზნად ისახავს მისი მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირებას რესტორნებსა და შეფუთულ პროდუქტებში. ცოტა ხნის წინ, იმავე მიმართულების მკვლევრების მტკიცებით, არაალკოჰოლურ სასმელებზე „ერთ უნციაზე ერთი ცენტი” გადასახადების ზრდით, 2600 ადრეულ სიკვდილს აიცილებდნენ თავიდან – მხოლოდ იმიტომ, რომ ასე, ზრდასრული ამერიკელები ათი კალორიით ნაკლებს მიიღებდნენ. ამგვარი გადასახადები უკვე შემოიღეს ამერიკის არაერთ შტატში არაალკოჰოლურ სასმელებზე. კანონი არსებობს საფრანგეთში, საბერძნეთსა და დანიაშიც – მათი მიზანი „სიმსუქნის პანდემიის” შემცირებაა. თუმცა კვლევებმა გადასახადის ზრდის შემდეგ მოხმარების მნიშვნელოვანი კლება ვერ დაადასტურეს. როგორც ჩანს, მას, ვისაც საყვარელი სასმელის დალევა სურს, მასში გაზრდილი ფასის გადახდაც არ ენანება.

კვების გარშემო ატეხილი ისტერიის მაგალითად, ამერიკის პირველი ლედის აქტივობაც გამოდგება: მიშელ ობამა სათავეში უდგას ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სკოლებში ბავშვებს სახელმწიფოს მიერ ჯანსაღად მიჩნეული საკვები ურიგდებათ. ცნობილი გახდა ისეთი ფაქტებიც, როცა სახელმწიფო კვების ინსპექტორი სკოლებში ბავშვებს შინიდან წამოღებული საკვების ჭამას უკრძალავს, რადგან ეს პროდუქტისა და წამლის ხარისხის მართვის ადმინისტრაციის დადგენილ სტანდარტებს არ შეეფერება. „მას შემდეგ, რაც ჩემს გოგონას არ მისცეს საშუალება, ეჭამა მისთვის საყვარელი საჭმელი, რომელსაც მე საგანგებოდ ვუმზადებ ყოველ დილით, სკოლის ადმინისტრაციამ გამომიგზავნა წერილი, სადაც მასწავლიდნენ, როგორ უნდა ვკვებო ჩემი შვილი”, – წერდა აღშფოთებული დედა, – „წერილში ასევე ეწერა, რომ რადგან მე არ ვარ სოციალურად დაუცველი და ვერ ვისარგებლებ სახელმწიფო ჯანსაღი პროდუქტის უფასო სიკეთით, ფული უნდა გადავიხადო იმ საჭმელში, რომელსაც ჩემს შვილს სკოლა სთავაზობს და მას საშინლად არ მოსწონს”.

თავისთავად, ამგვარი რეგულაციების დაწესება მნიშვნელოვნად ზღუდავს სამომხმარებლო არჩევანს და პიროვნების თავისუფლებას. ყოველი ინდივიდი საკუთარი რისკებისა და სურვილის მიხედვით განსაზღვრავს, რა უღირს: სნიკერსის ყველაზე დიდი პორციის – The King Size-ს ჭამა, რომლის კალორიათა შემცირების გადაწყვეტილებაც კომპანიამ ცოტა ხნის წინ მიიღო, თუ ზედმეტი წონით საკუთარი შრომისუნარიანობისა და ჯანმრთელობის დაზარალება. როცა სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს განსაზღვროს, რა არის მოქალაქეებისთვის უკეთესი, ის ისლამურ ქვეყნებში არსებულ მუტავინის „ცოდვის აღკვეთისა და სათნოების გავრცელების” კომიტეტს ემსგავსება, რომელიც მოქალაქეთა ქცევაზე კონტროლს აწესებს. მართალია, ზედმეტი წონა და კარგი ჯანმრთელობა უფრო ხელშესახები რამაა, ვიდრე ცოდვა და სათნოება, მაგრამ პრინციპი იგივეა. ასეთი სახელმწიფო საბოლოოდ ძიძად იქცევა, რომელიც ზრდასრულ მოქალაქეებს ბავშვებად, ხოლო მათ ბავშვებს საკუთარ შვილებად განიხილავს.

 

 

კომენტარები