არქივი

წოდებათა თანასწორობის შესახებ

ილიამ ეს წერილი წოდებათა თანასწორობის შესახებ 1888 წელს გამოაქვეყნა. ამან ქართველი თავადაზნაურობის აგრესია და ხმაური გამოიწვია. თავადი ილია ჭავჭავაძე თავად გამოვიდა საკუთარი უპირატესობების წინააღმდეგ და ყველას გასაგონად დაგმო წოდებათა არსებობა მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში. სწორედ ამ თვისებით – სამართლიანობითა და პირდაპირობით გამოირჩეოდა ილია თავის თანამედროვეთაგან. სწორედ ამიტომაა ის თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა.

გელა კორინთელი

ისტორიკოსი 

ჩვენი გულითადი რწმენა ყოველთვის ისა ყოფილა და არის, რომ ერის წარმატება, ქონებრივი თუ გონებრივი, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ერი წოდებათა დაუყოფელად, დიდპატარაობის გაურჩევლად და გამოუკლებლად ერთიანის მეცადინეობითა და გარჯით ჰსცდილობს ცხოვრების გზა გაიკვლიოს და ბურთი ბედისა გაიტანოს წუთისოფლის მოედნიდამ ყველამ ერთად საყოველთაოდ. ცალ-ცალკე წევა ცხოვრების უღელისა, ცალ-ცალკე ხვნა და მკა, ცალ-ცალკე თლა ლხინისა თავისაკენ და ჭირისა სხვისაკენ, მარტო თავის თავის ხსოვნა და სხვისი დავიწყება მომაკვდინებელია კაცთა საურთიერთო ცხოვრებისა და საცა ეგ ურთიერთობა არ არის, იქ არც იგი კრებულია, რომელსაც ერი ჰქვიან.

ტყუილად ჰფიქრობენ, ვითომც კაცთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყოს რომელმამე წოდებამ ცალკე ბინა გაიკეთოს, ცალკე ინტერესები შემოიღობოს, შემოიფარგლოს და ამით რაიმე ხეირი და სიკეთე ჰნახონ საბოლოოდ. ამისთანა წყობა და აგებულობა საზოგადოებისა, თუ ერისა, დიდხანს თავს ვერ დაიჭერს და, ვითარცა ქვიშაზედ აგებული სახლი, პირველ ქარის შებერვაზედვე დაიფუშება. ამისი მაგალითი და საბუთი ისტორიაში ერთი და ორი არ არის. ქვეყანაზედ მარტო იმ ერს გამოუტანია თავი ათასგვარ განსაცდელთაგან, რომელსაც თავის დროზედ შეუტყვია და მიუგნია, რომ ერთის რომელისამე წოდების წინ წაწევა არაფრის მაქნისია, თუ დანარჩენი ერიც წინ არ წაწეულა, პირიქით ერთის წოდების წინ წაწევას დანარჩენის უკან დაწევა მოჰყოლია.

ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი თავადაზნაურობა ჯერ ამ მოძღვრებას ვერ მისწვდომია და, როგორც ერთი ცალკე წოდება ჩვენის ერისა, ხშირად ცალკე იწევს და ცალკე ითლის. ჩვენ კი ვიტყვით, რომ მისი დღეგრძელობა, კეთილდღეობა, ბედნიერება, სახელი და დიდება სწორედ და მთლად იმაშია, რომ ეს მოძღვრება გულში ჩაიჭდიოს და ერთს წუთსაც გონებიდამ არ მოიშოროს, რომ თუ სხვანი კარგად იქნებიან, მარტო მაშინ იგიც კარგად იქნება. ჭეშმარიტსა და საბოლოვო წარმატებას სათავე აქა აქვს.

                                                                                            ილია ჭავჭავაძე

 

 


კომენტარები