ივანიშვილი პოლიტიკაში

ჯარიმები უკანონო შემოწირულობისთვის

საქართველოს კონტროლის პალატამ უკანონო შემოწირულობის განხორციელებისათვის შპს ქართუ მშენებელი, კომპანიის თანამშრომელი და საზოგადოებრივი გაერთიანება ქართული ოცნება დააჯარიმა. თითოეულ მათგანს 200 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, კონტროლის პალატამ შეისწავლა შპს ქართუ მშენებელის თანამშრომლის ნუგზარ ხუციშვილის მიერ მოძრაობა ქართული ოცნებისათვის შემოწირულობის განხორციელების მართლზომიერების საკითხი.

ნუგზარ ხუციშვილს პრემიის სახით 6 თებერვალს ჩაერიცხა 40 ათასი ლარი, საიდანაც 20 ათასი ლარი 3 დღეში ქართული ოცნების ანგარიშზე შეიტანა. შემოწმებით დადგინდა, რომ ნუგზარ ხუციშვილს შპს ქართუ მშენებელში რამდენიმე წლიანი მუშაობის განმავლობაში პრემია არასოდეს მიუღია. მისი თვიური ხელფასია 1000 ლარი. შესაბამისად, 1 წელიწადში ხელფასის ჯამური ოდენობა შეადგენს 12 ათას ლარს. მის მიერ ჩვეულებრივისაგან განსხვავებული რაიმე სამუშაოს შესრულების ფაქტი, რაც მისი წახალისების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, ვერ დადასტურდა.

შესაბამისად, კონტროლის პალატამ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და მიიჩნია, რომ სახეზეა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ფაქტი. შესაბამსიად, უკანონო შემოწირულობის ( 20 ათასი ლარი) ათმაგი ოდენობით დააჯარიმა როგორც ნუგზარ ხუციშვილი, ასევე შპს „ქართუ მშენებელი“ და „ქართული ოცნება“.

მოგელაძემ აღბნიშა, რომ ქართული ოცნებისთვის ცნობილი იყო მის ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის თაობაზე, რომელიც 3 დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა შემომწირველისათვის. თუმცა, უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე. შესაბამისად, ჯარიმასთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტში უკანონო შემოწირულობის თანხაც უნდა ჩარიცხოს.

„ჩვენი ინფორმაციით, ამგვარი კანონსაწინააღმდეგო სქემების გამოყენებით ხორციელდება სხვადასხვა სუბიექტების პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება. ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები“, - განაცხადა ნათია მოგელაძემ.

ამავე დროს, მისი თქმით, კანონმდებლობა არ ზღუდავს მოქალაქეებს, თავისი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით კანონის შესაბამისად განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა და შემოწირულობები.

მოგელაძის განცხადებით, კონტროლის პალატა ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქველმოქმედო ფონდის ფინანსური საქმიანობის შესწავლასაც აპირებს.

 

კომენტარები