თავდაცვა

„ლაზიკა“ - ახალი საბრძოლო მანქანა

დღეს "ლაზიკას" - მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ჯავშანმანქანით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სამხედროებთან ერთად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე რამდენიმე კილომეტრი გაიარა. დიდგორის" შემდეგ, ეს არის მეორე მანქანა. რეალურად, შინაარსობრივად, თვისობრივად ეს არის სულ სხვა დანიშნულებისა და დატვირთვის მანქანა. "დიდგორი" არის საპატრულო, სადაზვერვო, მსუბუქად შეჯავშნული. დღეს წარმოდგენილი "ლაზიკა" არის მძიმეჯავშნიანი, საკმაოდ მობილური და ძლიერი შემტევი იარაღი, რომლის წარმოება, პრინციპში, ბევრ სახელმწიფოს არ გააჩნია. ბოლო ორი წელი ამაზე საკამოდ სერიოზულად ვიმუშავეთ. ამ ამოცანის გადაჭრა ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ უფრო შევძლებთ ამ მიმართულების განვითარებას", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ”ლაზიკას” ჯავშანი კომბინირებულია და უზრუნველყოფს დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. ”ლაზიკას” აქვს შეიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილი ცეცხლის მართვის სისტემით, რომელზეც დამონტაჟებულია 23 მმ კალიბრის ქვემეხი და 7, 62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევი. მანქანა აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით, უზრუნველყოფს მანქანის შიგნიდან დისტანციურად სამიზნის აღმოჩენას, იდენტიფიკაციასა და ცეცხლის მართვას ნებისმიერ პირობებში. ეკიპაჟი 3 კაცისგან შედგება, შესაძლებელია 7 დესანტის გადაყვანა. ”ლაზიკა” არის მძლავრი, მობილური და აკმაყოფილებს თანამედროვე შეიარაღების მოთხოვნებს.

 

"ლაზიკის" შექმნისას მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს. ”ლაზიკა” მეორე ქართული ჯავშანმანქანაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე შეიქმნა. პირველი ქართული ჯავშანმანქანა "დიდგორი" საზოგადოებას 26 მაისის აღლუმზე წარუდგინეს.

 

კომენტარები