საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა:„2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს ჩადენილ სერიოზულ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსული გამოძიების მთლიანი პროცესი შეუსაბამო იყო ყველაზე ფუნდამენტურ საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა იმისა, რომ გამოძიება სრულიად პოლიტიზირებული და მიკერძოებული იყო, მისი მიმდინარეობისას ხორციელდებოდა მტკიცებულებების მასობრივი გაყალბება, მათ შორის წამების ქვეშ სამხედრო ტყვეების დაკითხვა."
იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, რუსული გამოძიების პრობლემურობის შესახებ საქართველოს გარდა შეშფოთებას გამოხატავდა ევროპის საბჭო, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, Human Rights Watch და სხვები.
შეგახსენებთ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, რომ აგვისტოს „მოვლენების“ გამოძიებისას მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელებს ამხელს „პიროვნების, მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ“ დანაშაულთა ჩადენაში. კერძოდ, მკვლელობებში, ომის დროს აკრძალული მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებაში, გენოციდში . ამას გარდა, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას“ დაუსაბუთებლად ადანაშაულებს სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსი სამხედროების მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის არაეფექტიან გამოძიებაში.“
რუსეთის მხარე უარყოფს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებებს დაუყოვნებლივ მიეცემოდა შეფასება, თუმცა მოწმის სახით, ქართველ სამხედროებს , ასევე მშვიდობიან მოსახლეობას რუსი სამხედროების მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ არ განუცხადებიათ.
„დასანანია, რომ რუსული გამოძიება უარყოფს რუსი სამხედროების მიერ სერიოზული საერთაშორისო დანაშაულების ჩადენის ყველაზე აშკარა ფაქტებსაც კი. რუსული მხარის მიერ ომის დროს სერიოზული დანაშაულების ჩადენას არა მხოლოდ საქართველოს მიერ წარმოებული ოფიციალური გამოძიება ადასტურებს, არამედ ადამიანის უფლებების დამცველი არაერთი ორგანიზაცია, რომლებმაც მასშტაბური საველე კვლევები ჩაატარეს ომით დაზარალებულ რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ რუსული გამოძიების მიკერძოებულობა თავიდანვე ნათელი იყო იმ ფონზე, როდესაც რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე, სიტუაციისა და შესაბამისი ფაქტების შესწავლის გარეშე გამორიცხავდნენ რუსი სამხედრო პირების მიერ ომის დროს დანაშაულების ჩადენას."- აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და დასძენს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქართველოს სარჩელს, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამოქალაქო პირებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ განხორციელებულ განურჩეველი ხასიათის თავდასხმებსა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის შემდგომ ოკუპაციას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებათა და თავისუფლებათა მასობრივი ხასიათის მქონე დარღვევას წარმოადგენს.




