2008 წლის აგვისტოს ომი

რუსეთის ბრალდებები საქართველოს ხელისუფლებისადმი

 რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი აგრძელებს 2008 წლის აგვისტოს ”მოვლენების” გამოძიებას , კომიტეტმა საკუთარ ვებ-გვერდზე გაავრცელა ვრცელი განმარტება გამოძიების მიმდინარეობისა და ამ ხნის მანძილზე მოპოვებული ”მტკიცებულებების” შესახებ და განაცხადა, რომ ესაა მტკიცებულებები ცხინვალის რეგიონში : ”პიროვნების, მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩადებაში საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მონაწილეობის შესახებ.”

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი საქართველოს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ადანაშაულებს: მკვლელობებში, ომის დროს აკრძალული მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებაში, გენოციდში და ა.შ.

” საგამოძიებო კომიტეტი დგამს ნაბიჯებს, რათა დამნაშავეების დასასჯელად საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტები აამოქმედოს,"- ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში , იქვე ნახსენებია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები და გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ უცხოეთის იურისდიქციისგან სახელმწიფო თანამდებობის პირების დაცვის იმუნიტეტის გამო  შესაბამისი პირების ” სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება.”

საგამოძიებო კომიტეტის განმარტებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას ”დაუსაბუთებლად ადანაშაულებს სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსი სამხედროების მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურად გამოძიებაში”.

 "კონფლიქტის ზონაში დანაშაულების გამოვლინებისა და აღკვეთის დროს, რუსი სამხედროებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის არანაირი გამონაკლისი არ გაკეთებულა. საქართველოს მოქალაქეების მიმართ ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში აღნიშნულ ქმედებებს დადგენილი წესით დაუყოვნებლივ მიეცემოდა შეფასება. თუმცა, მოწმის სახით ქართველ სამხედროებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ეთნიკურ ქართველებს, რუსი სამხედრო მოსამსახურეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ არ განუცხადებიათ,"- აცხადებს რუსეთის მხარე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას საქართველოს პარლამენტიდან ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია გამოეხმაურა და მას სასაცილო უწოდა. დავითაიას თქმით, რუსეთი ოკუპანტია და ამას ევროკავშირის, ევროსაბჭოს და აშშ-ს რეზოლუციებიც ადასტურებს.

„2008 წლის ომის დროს ქართულ მხარეს არც ერთი ოსური და აფხაზური სოფელი არ გადაუწვია. ეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაშია ასახული. რუსეთის მხრიდან კი მსგავსი განცხადებები არის პოლიტიკური „დაბოლების" მცდელობა", - განაცხადა პაატა დავითაიამ.

 

კომენტარები