აფხაზმა სამართალდამცავებმა თვოთგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბზე დღეს დილით განცხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
აფახზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც ყველა ძალოვანი სტრუქტურა მონაწილეობს. დამნაშავეების ძებნაში, რომლებიც, სავარაუდოდ, მთებში მიიმალნენ, საბრძოლო ვერტმფრენებიც ჩაერთო.
აფეთქება ანქვაბის კორტეჟის მსვლელობისას დღეს დილით ,გუდაუთის მახლობლად მოხდა. რის შემდეგაც დამნაშავეებმა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს და მის დაცვას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ანქვაბის ორი პირადი მცველი დაიღუპა. თავად ანქვაბი არ დაზარალებულა.
დღეს ალექსანდრ ანქვაბს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ტელეფონით ესაუბრა და მას თავდასხმის გამოძიებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ანქვაბზე თავდასხმა „რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების წინ მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობაა“.
ამავე დროს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა, რომ მომხდარში ქართული კვალი „ჯერჯერობით არ ჩანს“.
ოპოზიციური პარტია „სახალხო ერთობის ლიდერი“, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ვარაუდობს, რომ თავდასხმა ანქვაბის მიერ გამოცხადებულ კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება.
ეს ალექსანდრ ანქვაბზე რიგით მეხუთე თავდასხმაა რამდენიმე წლის განმავლობაში. არც ერთი წინა თავდასხმა გახსნილი არ არის. თავად ანქვაბსაც არასდროს უსაუბრია თავდასხმების შესაძლო მოტივებისა და თავისი მტრების შესაძლო ვინაობის შესახებ.




