112

112: ამერიკული 911 ქართულად

იანვარში, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მობილურზე შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვიდათ: „2012 წლის პირველი იანვრიდან მთავრობის 489-ე დადგენილებით 112-ის საფასური 20/50 თეთრი დაგექვითებათ ანგარიშიდან, თუ თვის განმავლობაში ნომრიდან გახარჯული თანხა აღემატება 5 ლარს”. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – 112 – ნოემბერში შეიქმნა. ცხელი ხაზი 2012 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება: საქართველოს მოქალაქეებს  სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის გამოძახება ერთი ნომრის აკრეფით, ნებისმიერ დროს შეეძლებათ. 

112-ს, კანონის მიხედვით, რამდენიმე წყარო დააფინანსებს: სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და ცხელი ხაზის მომსახურების საფასური – 20 ან 50 თეთრი, რომელიც თვეში 5 ლარზე მეტის მხარჯავ აბონენტებს ავტომატურად ჩამოეჭრება. 

ჯერჯერობით, ბიუჯეტიდან თანხები გამოყოფილი არ არის. სანამ ცხელი ხაზი ამოქმედდება, მანამ 112-ის ბიუჯეტის შევსება საქართველოს მოქალაქეებს მობილურ ტელეფონებზე დახარჯული თანხის მიხედვით მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი ტელეფონით 5 ლარზე მეტს ხარჯავს, ის თვეში 20 თეთრს გადაიხდის. ამ გადასახადს არ გადაიხდიან ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება. სამაგიეროდ, ორმაგად დაიბეგრებიან იურიდიული პირები, რომელთაც თვეში 5 ლარზე მეტის დახარჯვის შემთხვევაში, ანგარიშიდან 50 თეთრი ჩამოეჭრებათ. ეს  იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ ინდივიდი საერთოდ არ გამოიყენებს 112-ის სერვისს. ამასთან, ინდივიდი იმდენჯერ დაიბეგრება, რამდენ ფიქსირებულ ნომერს და მობილურ ტელეფონსაც ფლობს. 

112 ამერიკული 911-ის ანალოგია. ამერიკას 911 სისტემის მართვის დიდი გამოცდილება აქვს. პირველი ასეთი საკომუნიკაციო ხაზი 1968 წელს გაიხსნა. ამერიკაში ციფრების ეს შეთანხმება უკვე კარგა ხანია, რაც საჯარო უსაფრთხოების სინონიმად იქცა. ხარვეზები მაინც არსებობს. 911 სერვისის მთავარი კრიტიკა საგადასახადო წნეხის არასწორ გადანაწილებას ეხება: ის, ვინც მობილურზე ბევრს საუბრობს, მაგრამ 911-ის სერვისით შეიძლება საერთოდ არ სარგებლობს – მომსახურების საფასურს იხდის. მაშინ, როცა შეიძლება ადამიანი ხშირად სარგებლობდეს სერვისით, მაგრამ მობილურის ლიმიტზე მეტს არ ხარჯავდეს და, შესაბამისად, საერთოდ არ იბეგრებოდეს. 

შეერთებულ შტატებში მობილური ნომრის საშუალო მოსაკრებელი 72 ცენტი ანუ 1.2 ლარია. მხოლოდ ტექსასის შტატში მობილური ტელეფონიდან ყოველწლიურად საშუალოდ 7.9 მილიონი ზარი გადის. შესაბამისად, 911 სისტემის ბიუჯეტი ყოველწლიურად 5 მილიონ დოლარზე მეტით ივსება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიხედვით, ქვეყანაში მობილურ ქსელებს სულ 3.7 მილიონი აბონენტი ჰყავს. აქედან რამდენი აბონენტი ხარჯავს ყოველთვიურად საშუალოდ 5 ლარზე მეტს, ვერც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და ვერც მობილურმა ოპერატორებმა მოგვაწოდეს. საშუალო ტარიფით ანგარიშის შემთხვევაში, 112-ის ბიუჯეტი ყოველთვიურად მაქსიმუმ 841.8 ათასი ლარით შეივსება. მხოლოდ ინდივიდუალური დაბეგვრის შედეგად, 112-ის ყოველწლიური ბიუჯეტი, ყველაზე მეტი, 10.1 მილიონი ლარი იქნება. 

კომენტარები