112

პარლამენტის გადაწყვეტილებით, 112-ის მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება

112
medianews.ge

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, სატელეფონო აბონენტები ყოველთვიურად გადაიხდიან 112-ის მომსახურების საფასურს. 

ცვლილების მიხედვით, 112-ის მომსახურების საფასური არ შეიძლება იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი - ზუსტი ოდენობა მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საფასურის ოდენობა ერთნაირი იქნება. გადასახადისგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

---

2019 წლის ივლისში სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ფაქტი, რომ სატელეფონო აბონენტები 112-ს მოსაკრებელს მთავრობის დადგენილებით უხდიან. სასამართლომ წლის ბოლოდან ძალადაკარგულად ცნო სადავო ნორმები და საქართველოს პარლამენტს დაავალა, კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობის წინააღმდეგ ლევან ალაფიშვილის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა. სადავო ნორმების თანახმად, სატელეფონო აბონენტები იხდიდნენ 112-ის მომსახურების საფასურს, რომელიც ფიზიკური პირისთვის შეადგენდა 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის - 0.50 ლარს.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს 112-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ 112-ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობა დისკრიმინაციულია.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 112-ის საფასურის გადახდის სატელეფონო აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება 112-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას.

"ამავე დროს, საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიღებული სარგებელი არის არა აბონენტის მიერ უშუალოდ 112-ში საგანგებო შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთება, არამედ ასეთი შეტყობინების გაკეთების შესაძლებლობის არსებობა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული 112-ის საფასური განეკუთვნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსაკრებლებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსაკრებლის სტრუქტურის და შემოღების წესის, მისი განაკვეთების ან განაკვეთის ფარგლების დადგენა მხოლოდ კანონით დაიშვება, რაც გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირებას.  სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმები განსაზღვრავდა მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტებს და მოსაკრებლის განაკვეთს და ამდენად, ამ საკითხის მოწესრიგების კონსტიტუციური უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას  არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად 112 დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული" - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კომენტარები