ნავთობი

ნავთობის ფასმა 9 თვის მაქსიმუმს მიაღწია

თეირანმა ბრიტანულ და ფრანგულ კომპანიებს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შესახებ, ირანის ნავთობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია. ევროკავშირის მიერ ირანული ნავთობის იმპორტის აკრძალვის საპასუხოდ ირანმა მუქარის შესრულება დაიწყო. შედეგად, ნავთობზე ფასმა ბოლო 9 თვის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: ორშაბათს ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე ელექტრონული ვაჭრობისას ნედლი ნავთობის ფასი 1.50 აშშ დოლარით გაიზარდა და ბარელზე 104.74 აშშ დოლარი შეადგინა. მოგვიანებით, ფასმა 105.21 აშშ დოლარს მიაღწია, რაც მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯერ კიდევ იანვარში ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელის სხდომაზე ირანისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს. აიკრძალა ირანიდან ნავთობ-პროდუქტების იმპორტზე ახალი კონტრაქტების გაფორმება, უკვე არსებული კონტრაქტების ვადად კი  2012 წლის 12 ივლისამდე პერიოდი განისაზღვრა.  აღნიშნული ზომები ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც თეირანმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.  

ევროკავშირი ჩინეთის შემდეგ ირანული ნავთობის მეორე ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. მისი მიწოდების აკრძალვა კი ყველაზე დიდ დარტყმას საბერძნეთს, იტალიასა და ესპანეთს მიაყენებს, რომლებიც ნავთობს შეღავათიანი პირობებით ყიდულობენ. ახლა კი იძულებულნი არიან, მიწოდების სხვა წყაროები ეძებონ.

კომენტარები