არქივი

ებრაელთა შესახებ

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე

თანამედროვე დასავლეთისთვის კარგად ნაცნობი პრობლემა – ანტისემიტიზმი, ამ ფორმებს საუკუნეების განმავლობაში იძენდა. მეცხრამეტე საუკუნე თითქოს ებრაელთათვის შვების ხანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. ევროპაში უფრო მეტად გაძლიერდა მათი დევნა, საბოლოოდ კი ჰოლოკოსტამდე მივიდა. ილია ჭავჭავაძე სწორედ ამის შესახებ აფრთხილებს მკითხველებს, როცა გერმანიასა და ავსტრიაში გაძლიერებულ ანტისემიტიზმს ახსენებს. ილია, როგორც ლიბერალი, ღიად ეწინააღმდეგება ებრაელთა დევნას და დანაშაულად მიიჩნევს.

ლია ჭეფხოძე

არც ერთ ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰხდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდგან გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელის დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება. აზიასა და ევროპაში, აფრიკასა და ამერიკაში, ყველგან ერთი და იგივე ბედი სდევნიდა უბედურს ერსა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის ყოველნაირის საშუალებით, რათა თავი დაიცვას და არ გახდეს მსხვერპლი ძულებისა და წამებისა. ამდენი ხანია ეს ერი მოგზაურობს მთელს დედამიწის ზურგზე და ამ ხნის განმავლობაში არა ყოფილა ისეთი სატანჯველი, რომელიც ებრაელებს არ გამოეცადოთ. აბა რომელი საბუთი არ უხმარიათ და ხელზე არ დაუხვევიათ ებრაელთა სადევნელად? არ მოიპოვება ისეთი ისტორიული უსამართლოება, რომელსაც ებრაელები არ დაეჩაგროს. სდევნიდნენ ებრაელებს – ვითარცა ერს, სდევნიდნენ – ვითარცა თავისებურისა და განსაკუთრებულის რჯულის მაღიარებელთ, სდევნიდნენ – ვითარცა უსამართლო ეკონომიურის წესწყობილების წარმომადგენელთ და სხვა ერთა ეკონომიურ მჩაგვრელებს. მდევნელები ხან ერთს საბუთს აძლევდნენ უპირატესობას, ხან მეორეს და არასოდეს არ დამცხრალა სიძულვილი ებრაელთადმი.

ეხლა კი, ოდესაც ეგოდენს ჰღაღადებენ კაცთმოყვარეობაზე, იმავე საბუთების ძალით სდევნიან იმათ იქაც კი, სადაც თითქოს ადგილი არ უნდა ჰქონდეს სიძულვილსა და დაუნდობლობას. ეს რამდენი ხანია ევროპაში არსებობს ეგრეთწოდებული ანტისემიტიური, ესე იგი ებრაელთა მოწინააღმდეგე მოძრაობა, რომელიც სცდილობს რაც შეიძლება მეტად შეავიწროვოს და დასჩაგროს ებრაელნი. ნამეტნავად ავსტრიასა და გერმანიაშია ძლიერი იგი მოძრაობა, ისეთ წრეშიაც კი, რომლისგანაც ნაკლებად მოსალოდნელი და საფიქრელი იყო.

ანტისემიტიურს მოძრაობას ძალიან დაუფიქრებია გერმანიის მმართველობაცა, ამასა ჰმოწმობენ ზოგიერთი გაზეთები, რომელნიც ლაპარაკობენ ებრაელთა ყოფა-მდგომარეობაზე. ეს გაზეთები ამბობენ, რომ სხვა ქვეყნებშიაც თანდათან ძლიერდება ანტისემიტიური მოძრაობაო. ამის მიზეზი ეროვნული სიძულვილი და რელიგიური ფანატიზმი კი არ არის, არამედ ეკონომიური ძლიერება ებრაელთა.

ილია ჭავჭავაძე, 1888 წელი  

კომენტარები