საფრანგეთი

სარკოზის პარტიიდან ჰომოფობიისთვის პარლამენტარი გაირიცხება

პრეზიდენტ სარკოზის პარტიის წევრს, კრისტიან ვანესტეს პარტიიდან გარიცხვა ემუქრება. მიზეზი ჰომოსექსუალების შესახებ მისი კომენტარია - პარლამენტარმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰომოსექსუალთა დევნა გაზვიადებულად მიიჩნია.

ვიდეოში, რომელიც ფრანგულ ვებსაიტებზე გავრცელდა, ვანესტე ამბობს, რომ ჰომოსექსუალები საფრანგეთში ”ძალაუფლების შუაგულში” იყვნენ, მანიპულირებდნენ მედიით და კაცობრიობას ”კეთილშობილებას აკარგვინებდნენ”. მისივე თქმით, მედიამ გააზვიადა ” ცნობილი ლეგენდა” ფაშისტების მიერ დაპყრობილი საფრანგეთიდან ჰომოსექსუალთა დეპორტაციის შესახებ.

განცხადებამ ხმაური და კრიტიკა გამოიწვია. სარკოზის ”სახალხო მოძრაობის პარტია” კი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ვანესეტა სარკოზის პარტიის გავლენიანი ულტრა-მემარჯვენე ფრთის წევრია. მსგავსი ხასიათის კომენტარები მას ადრეც გაუკეთებია, თუმცა ახლა განსაკუთრებით ფაქიზ თემას - მეორე მსოფლიო ომის პერიოდს შეეხო.

სარკოზიმ ნაციონალური ტელევიზიით განაცხადა, რომ მას ”აძრწუნებს ყველაფერი, რაც პირდაპირ ან ირიბად ჰომოფობიურია”. პარლამენტარი გაკიცხეს ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმაც, ხოლო პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ მან ”ზღვარს გადააბიჯა”. თავად ვანესტე მიიჩნევს, რომ ის ”გეი ლობის” სამიზნე უსამართლოდ გახდა.

პარტიის გენერალური მდივანის თქმით, ვანესტე პარტიიდან გაირიცხება, მისი ”შემაშფოთებელი კომენტარების გამო”.

 

 

კომენტარები