საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე გაიზრდება. შესაბამისი ცვლილების შეტანა იგეგმება "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი კახაბერ სუხიშვილი დაგეგმილ ცვლილებას საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით ხსნის.
“ჩვენ ვუახლოვდებით საერთაშორისო სტანდარტებს და თორმეტი თვე არ არის საკმარისი. მე ბევრი ქვეყნის მაგალითს გადავხედე და ამ მხრივ საერთაშორისო სტანდარტი არსებობს, რაც განაპირობებს ამ ვადაში სრულ მომზადებას."- განუცხადა “ნეტგაზეთს” სუხიშვილმა და დასძინა, რომ ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ და მხოლოდ რეგულარულ არმიას.
კანონის მოქმედი რედაქციით, საქართველოში სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვეა. გავრცელებული ცნობებით, ცვლილების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დადგენილი 12 თვე არ არის საკმარისი სამხედრო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისთვის.




