არქივი

ეკლესია და სახელმწიფო

მიუხედავად რუსული კოლონიალიზმის დასაწყისისა, მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მწერალთა მცდელობამ საქართველო გაცილებით ფართო ასპარეზზე გაიყვანა და ზოგადსაკაცობრიო პროგრესულ იდეებს აზიარა. საგულისხმოა, რომ მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან დემოკრატიულ ღირებულებებს უკვე დაერქვა ის სახელები, რომლებიც დღესდღეისობით აქვს მიკუთვნებული. ილიასა და მისი თანამოაზრეების შემოქმედებაში გამოჩნდა სრულიად ჩამოყალიბებული და გაცნობიერებული ტერმინები: ლიბერალიზმი, შემწყნარებლობა, ეთნიკური თანასწორობა და ა.შ.

                                                                            ირმა რატიანი

 

ამ უკანასკნელი წლის განმავლობაში ყველაზე უფრო შესანიშნავი მოვლენა ის ბრძოლაა, რომელიც ეხლაა ატეხილი, სახელმწიფოს, ესე იგი, სამოქალაქო განწყობილებას და საეკლესიო წესს შუა. რაკი 1864 წლის პაპის „მსოფლიო ეპისტოლემ” (ენციკლიკამ) და 1870 წლის მსოფლიო კრებამ თითქმის ყველა ის აზრები შეაჩვენა, რომელზედაც დამყარებულია ეხლანდელი სამოქალაქო და სახელმწიფო წესი (მაგალითად, დეპუტატების ამორჩევა, სახელმწიფო საქმეების კონტროლი, სამოქალაქო ქორწინება, რწმუნებების თავისუფლება და სხვ. და სხვ.) – დაიწყეს სახელმწიფო კანონების უარყოფა და საკუთარი წესების შემოღება. სხვა და სხვა სახელმწიფოებში განხეთქილების მიზეზები სხვადასხვა იყო, მაგრამ საქმე კი ყოველგან ისე რიგად წარიმართა, რომ სამოქალაქო მთავრობამ ღვდლებს შენიშვნა მისცა (თქვენი მოქმედება კანონს და კონკორდატს არ ეთანხმებაო). ამ შენიშვნაზე ღვდლებმა ყოველგან პასუხად გამოაცხადეს, რომ „კანონი კაცების ხელითაა შედგენილი და ჩვენ კი ხვთის მემკვიდრის შეუცდომელი პაპის ბრძანებას ვემორჩილებით და ნებას ვასრულებთო. ჩვენ ყოველ იმ კანონს უარვყოფთ, რომელიც პაპის ნებას არ ეთანხმებაო”.

უეჭველია, რომ ამნაირ მდგომარეობაში სახელმწიფოს ან თავის კანონების ძალა უნდა დაევიწყნა და სამღვდელოების ყურმოჭრილი ყმა უნდა გამხდარიყო (ასე მოიქცა საფრანგეთში ტიერის მთავრობა), ანა და კანონების ძალა უნდა დაეცვა და სამღვდელოება უწინდელ მდგომარეობაში უნდა დაეტოვებინა, კანონებისთვის უნდა დაემორჩილებია. ასე მოიქცა გერმანია და შვეიცარია. ეს საქმე ძლიერ ძნელი და გავლენიანია ხალხის მომავალი ბედისა და მდგომარეობისათვის, და ამის გამო ამ საგანზე ორიოდე სიტყვის თქმა ღირს.

უწინდელ დროში სამღვდელოებას თავისი საკუთარი შემოსავალი და მამულები ჰქონდა. ის იმდენად გაძლიერდა, რომ სახელმწიფოს ტოლი და მტერი შეიქნა. საფრანგეთის რევოლუციამ ამ უმსგავსობას ბოლო მოუღო და სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა. მთელმა ევროპამ ამ მაგალითს მისდია და – თითქმის ყოველგან, სამღვდელოებას მამულები ჩამოერთვა და ჯამაგირი დაენიშნა, ისე რომ თვით რუსეთშიაც და კავკასიაშიც ამ განწყობილებამ მოაწია.

მაგრამ ამ უკანასკნელს დროებში ეს განწყობილება ბევრს აღარ მოსწონს. ლიბერალურ-რესპუბლიკური პარტია ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ როდი უნდა აძლიოს ჯამაგირი სამღვდელოებასო: ვისაც სწამს მღვდელის ქადაგება, ვისაც მისი ლოცვა სჭირია და საჭიროდ მიაჩნია, იმან თვითონ აძლიოს ხარჯი მღვდელსაო. თორემ მღვდლები კი სახელმწიფო ხაზინიდან იღებენ ფულს და თან სახელმწიფო კანონების წინააღმდეგ ქადაგებენ, თანამედროვე საზოგადოების დამხობას ცდილობენ და სახელმწიფო ფულით სახელმწიფოს სამი საუკუნით უკან დახევას ეძებენო.

აი ესაა ახლანდელი ბრძოლის ასპარეზი.

თვითონ ბრძოლა კი თანდათან უფრო და უფრო ცხარდება.

                                                                                         ნიკო ნიკოლაძე 

კომენტარები