კონტროლის პალატა

ბეჟაშვილი: რესპუბლიკური ინსტიტუტი პარტიასთან ასოცირებული ორგანიზაციაა

კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა,  განმარტება გააკეთა ”რესპუბლიკური ინსტიტუტისგან” ფინანსური ანგარიშის გამოთხოვის  შესახებ . მან  თქვა, რომ  აღნიშნული ინსტიტუტი ”რესპუბლიკურ პარტიასთან” დაკავშირებულია და ამიტომ მოეთხოვა მას კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა.  ბეჟაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ   ”რესპუბლიკურ პარტიას”  საკუთარ ვებ საიტზე   სტრუქტურულ ჩამონათვალში აქვს   ნახსენებია   რესპუბლიკური ინსტიტუტი.

მართლაც, პარტიის ვებ -საიტზე  ორგანიზაციული სტრუქტურის გამყოფილებაში  ”რესპუბლიკური ინსტიტუტი” მოხსენიებულია როგორც ”პარტიასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაცია.”

კონტროლის პალატამ ”რესპუბლიკურ ინსტიტუტსა” და ”ახალ თაობა-ახალ ინიციატივას” რამდენიმე დღის წინ სთხოვა ფინანსური ანგარიშის წარდგენა, რაც რიგმა ორგანიზაციებმა  არასამთავრობო სექტორზე ზეწოლად შეაფასეს.  ბეჟაშვილი,  დღეს, სწორედ  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და   განაცხადა, რომ  ბრალდება უსაფუძვლოა  და მას,  ვინც მონიტორინგის სამსახურის საქმიანობას არ ეთანხმება, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

”რესპუბლიკური ინსტიტუტისგან” ფინანსური ანგარიშის გამოთხოვა გააპროტესტა ლევან ბერძენიშვილმაც. Netgazeti. Ge-ს მან უთხრა: “ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის სასწავლო, კვლევითი, შემოქმედებითი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა პოლიტიკური მიზანი. პოლიტიკური მიზანი აქვს “რესპუბლიკურ პარტიას”, ხოლო “რესპუბლიკურ ინსტიტუტში” ამ პარტიის წევრებიც მოღვაწეობენ და არაწევრებიც. ”

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 26 პრიმა მუხლი  განმარტავს,  ”ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება, იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერის შეკავებისკენ , ” და  ა.შ

ცოტა ხნის წინ,  კონტროლის პალატამ ამავე კანონის საფუძველზე ფინანსური ანგარიში მოითხოვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია  "ქართული ოცნებისგან", რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და ორგანიზაციისგან, "ჩვენი ხმა გიგი უგულავას", რომელიც თბილისის მერს უჭერდა მხარს.

კომენტარები