ფეხბურთი

კაპელომ ინგლისი დატოვა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაადასტურა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო თანამდებობიდან გადადგა. იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ისა-ს თავმჯდომარეს დევიდ ბერნშტეინს და გენერალურ მდივან ალექს ჰორნს პირადად აცნობა.

ფაბიო კაპელომ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება ჯონ ტერისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევის შემდეგ მიიღო. ინგლისელებმა ტერის დასჯის შესახებ იტალიელს არაფერი აცნობეს, რაც მწვრთნელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

”ჩვენთვის მისაღებია ფაბიო კაპელოს გადაწყვეტილება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ინგლისის ნაკრებში გატარებული წლებისთვის და გაწეული სამუშაოსთვის,” - განაცხადა ბერნშტეინმა.

იტალიის მილანის, რომას და იუვენტუსის და ესპანეთის რეალის ექს-მწვრთნელი ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრების თავკაცად 2007 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშა, ევრო 2012-ის საგზური კი საკვალიფიკაციო ჯგუფის მოგებით მოიპოვა.

ევროპირველობაზე ინგლისის ნაკრები მეოთხე ჯგუფში იასპარეზებს ტურნირის მასპინძელ უკრაინასთან, შვედეთთან და საფრანგეთთან ერთად. პირველ მატჩს გუნდი სწორედ ფრანგებთან გამართავს 11 ივნისს.

ევრო 2012-ის დაწყებამდე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 29 თებერვალს ჰოლანდიასთან, 26 მაისს ნორვეგიასთან, 2 ივნისს კი ბელგიასთან.

 

კომენტარები