თბილისი

როგორ ვებრძოლოთ ხმაურს

თბილისის ცენტრალურ უბნებში კაფე-ბარების მატებასთან ერთად, მუსიკის ხმით შეწუხებული მობინადრეების რიცხვიც გაიზარდა. ამ მიზეზით გამოწვეულ ქრონიკულ უძილობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე სულ უფრო მეტი საუბრობს. უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ არსებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ბარის მეპატრონეს ხმაურის მყისიერად შეწყვეტის ვალდებულება არ ეკისრება.

„ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების’’ მიხედვით, სამსახური „კონტროლს უწევს ხმაურის, დასუფთავების, ინსოლაციის ნორმებისა და წესების დაცვას’’. თუმცა, როგორც ზედამხედველობის სამსახურში განგვიმარტეს, მათ კომპეტენციაში მხოლოდ კონკრეტული მოქალაქის ჩივილის შემთხვევაში ადგილზე მისვლა და სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ხმაურის დონის განსაზღვრა შედის. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობის სამსახური დაადგენს, რომ ხმაურის დონე ნორმაზე მაღალია, შეწუხებულ მოსახლეს შეუძლია ობიექტის მესაკუთრეს სასამართლოში უჩივლოს. ნორმის მიხედვით, დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე ხმაურის დონე 40 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, 23 საათის შემდეგ კი – 30 დეციბელს.

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მალხაზ მუჯირიშვილი ამბობს, რომ მათთან ყველაზე მეტი საჩივარი ახვლედიანის ქუჩიდან შედის. ხმაური აწუხებთ თაბუკაშვილისა და ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებსაც. მისივე თქმით, ზოგჯერ ხმაურის დონე მართლაც დასაშვებზე მაღალია, მაგრამ მოქალაქეებს სასამართლოში სარჩელი არ შეაქვთ და ხმაურის შესაჩერებლად კვლავ ზედამხედველობაში რეკავენ. ხმამაღალი მუსიკით შეწუხებულები პატრულსაც ხშირად იძახებენ. თუმცა, კანონის მიხედვით, ხმაურის მყისიერად შეჩერების უფლება არც პატრულს აქვს. არის საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც მოსახლეობამ სასამართლოს გზით მოახერხა ხმამაღალი მუსიკისა და ვიბრაციისაგან თავის დაღწევა. მაგალითად, ასე მოხდა კლუბ „პარაშუტის” შემთხვევაში. მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე კლუბი აპრილში დაიხურა.

ყველა ქვეყანას ხმაურთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია აქვს. ზოგან წესები უფრო მკაცრია, დარღვევის შემთხვევაში კი ობიექტის მეპატრონეს, შესაძლოა, ჯარიმის გადახდასთან ერთად ლიცენზიაც კი ჩამოერთვას. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე ხმაური აკრძალულია. აქ ხმაურის კონტროლი ე.წ. Environmental health officer-ებს ევალებათ. ნორმის დარღვევის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ მეპატრონეს ჯარიმის გამოწერასთან ერთად, ხმაურის გამომწვევი მოწყობილობაც ჩამოართვან. ჩიკაგოში ხმაურის ნორმის პირველად დარღვევისთვის ობიექტის მეპატრონეს 300 აშშ დოლარის გადახდა უწევს, იმავე წელს მეორეჯერ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 500-მდე იზრდება, მესამედ დარღვევის შემთხვევაში კი მეპატრონე 1000 აშშ დოლარს იხდის.  შემდეგ ჯერზე, შესაძლოა, მას ლიცენზია შეუჩერდეს ან სულაც გაუუქმდეს.

ღამის საათებში ხმაური პარიზშიც აკრძალულია. აქ ნორმები იმდენად მკაცრად არის დაცული, რომ მოსახლეობაც კი შეწუხდა. მიიჩნევენ, რომ ოდესღაც ბოჰემური ქალაქი მოსაწყენ ადგილად გადაიქცა. დაახლოებით ერთი წლის წინ, ათასობით მოქალაქემ ანტიხმაურის საწინააღმდეგო ონლაინპეტიციასაც კი მოაწერა ხელი და პარიზის მერს გაუგზავნა.

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ კაფე-ბარებიდან გამოსული მუსიკის ხმა, განსაკუთრებით ცოცხალი მუსიკა, გამვლელებს იზიდავს, რაც ობიექტის მუშაობაზეც აისახება. ექიმების თქმით, მიუხედავად იმისა, გვაწუხებს თუ არა ხმაური, ნებისმიერ შემთხვევაში იგი ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყოველდღიურ ცხოვრების წესს არღვევს. შესაძლოა, ადამიანი ქუჩის ხმაურმაც კი (დაახლოებით 80 დეციბელი)  დააავადოს. გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, ტინიტუსი (ხმაური ყურებში), ნევროზები, უძილობა, თავის ტკივილი, კონცენტრაციისა და შრომის უნარის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. იმ ადამიანებში კი, ვისაც ხმაურით გამოწვეული უძილობა აწუხებს, მატულობს ალერგიის, მაღალი არტერიული წნევის, შაკიკის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ხმაურისაგან საკუთარი და მეზობლების დაცვა, ხმის იზოლაციის უზრუნველყოფით შეიძლება. იმისათვის, რომ კედლებმა ხმა მაქსიმალურად დაახშოს, სპეციალური მასალაა საჭირო. მნიშვნელოვანია, როგორც კედლების, ისე ჭერისა და იატაკის იზოლაცია. თუმცა, ამას კანონმდებლობა კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელებს არ ავალდებულებს. შესაბამისად, მათ ხმის იზოლაციის არარსებობის შემთხვევაშიც არ მოეთხოვებათ პასუხი. სანქცია არც ღამით ხმაურისას ფანჯრებისა და კარის გაღებისთვის დაეკისრებათ – ვიდრე სასამართლო თითოეულ საქმეს არ განიხილავს. 

კომენტარები