ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან გამოთქვა შენიშვნები პარტიის მიმართ, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი სუბიექტი მის მიერ დაპირებული პოლიტიკური კოალიციისა.
”თავად რესპუბლიკელებიც “ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან შეიტყობენ მათ ჩემეულ დახასიათებას... მათთვისაც არ მითქვამს, რასაც ახლა გეტყვით... ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძველი და თანმიმდევრული პოლიტიკური ძალა, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს ლოკალური შეცდომებიც... მაგრამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულ და შეგნებულად უპასუხისმგებლო ქმედებებში მე ისინი არ შემიმჩნევია! თუმცა, თითოეული წევრის მიერ პატარა, ლოკალურ შეცდომებზე შენიშვნების გაკეთება შემიძლია.”- განაცხადა ივანიშვილმა ”ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მივყვეთ მის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ წარსულში, შესაძლოა, რესპუბლიკელების პოზიციები სრულად არ ემთხვეოდა საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის განწყობას და იქვე განმარტა: ” ძალიან მკვეთრ უარყოფით ქმედებებს მათ ნაბიჯებში მე ვერ ვხედავ! აი, მაგალითად, ისეთს, როგორი ნაბიჯებიც ნათელაშვილს აქვს... და, რომელიც ნაყიდი ჰყავს ამ ხელისუფლებას! მემარჯვენეები, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში უღალატეს პრინციპებს...” ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ რესპუბლიკური პარტია საინტერესო ადამიანებით არის დაკომპლექტებული და მათი პრობლემა იმაშია, რომ ”ხალხს ვერ ელაპარაკებიან გასაგები ენით.” ”რესპუბლიკელები ყოველთვის აკადემიური ენით საუბარს ცდილობენ და ვერ საუბრობენ იმ ენით, რომლითაც მოიხიბლება საზოგადოება.”
”ასავლ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”რესპუბლიკურ პარტიაზე” საუბარს ვრცელი ადგილი აქვს დათმობილი. ინტერვიუში ივანიშვილს სთხოვეს გაეხსენებინა რესპუბლიკელების, კერძოდ თინა ხიდაშელის და პაატა ზაქარეიშვილის გამოსვლები სოჭში, სადაც ”ასავალ-დასავალის” მტკიცებით, მათ აფხაზეთის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.
”აფხაზეთის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი? ასეთი რამ არ მსმენია, ”- აღნიშნა საპასუხოდ ივანიშვილმა. ”ასავალ-დასავალი” ასევე შეეცადა ივანიშვილს შეეფასებინა ლევან ბერძენიშვილის პოზიციაც, მაგალითად ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ”ლევანი აღფრთოვანებით შეხვდა ამ ამბავს?’ - კითხულობს ინტერვიუში ივანიშვილი, მოგვიანებით კი დასძენს: ’ ბატონი ბერძენიშვილის გამოსვლაც უნდა გადამოწმდეს ეკლესიასთან დაკავშირებით, მე როგორც ვიცი მას მკალავიშვილთან ჰქონდა პრობლემა, მისი პოზიციები კითხვებს ტოვებს.”
”ტაბულა” დაინტერესდა როგორ შეაფასებდნენ რესპუბლიკურ პარტიაში, ბიძინა ივანიშვილის მიერ მათი მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს და საერთოდ კომუნიკაციის იმ ფორმას, რომელიცმან ამ კონკრეტულ შემთხვევაში რესპუბლიკელებთან მიმართებით აირჩია.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა ”ტაბულას” უთხრა, რომ ინტერვიუს არ გაცნობია, რადგან ” ასავალ-დასავალს” როგორც წესი არ კითხულობს. ”ამ გაზეთს არასდროს მოუხდენია ჩემი ზუსტი ციტირება, ცილისწამების მეტი მისგან არაფერი მახსოვს,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ მას აფხაზებთან, დამოუკიდებლობაზე არასდროს უსაუბრია.
”არ წამიკითხავს , მაგრამ დაახლოებით ვხვდები რაზეა ლაპარაკი, მას მოუყვანეს ციტატები რაღაც წიგნიდან, მოიტანონ წიგნი და ისე მელაპარაკონ.”- თქვა რესპუბლიკური პარტიის წევრმა . ზაქარეიშვილმა განმარტა ისიც, რომ არ იზიარებს ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს გაზეთ ”ასავალ-დასავალზე” და არ ეთანხმება მას ამ საკითხში.
ბიძინა ივანიშვილმა ”ასავალ-დასავალს” განუცხადა: ”მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენც, თქვენს რედაქციასაც და თქვენს ჟურნალისტურ ჯგუფსაც იმ პრინციპული პოზიციებისათვის, რომელიც ბოლო წლებში აშკარად გამოხატულია „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე! შეიძლება, რამდენიმე გაზეთი ვერც დავასახელო, რომელიც მსგავსი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პოზიციებითა და პრინციპულობით გამოირჩევა.”
რაც შეეხება შენიშვნების გამოთქმის ფორმას, პარტნიორებთან საუბარს ”ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან: ” ძალიან კარგი. მე ვთვლი რომ ეს ნორმალურია, მე რა უფლება მაქვს ვინმეს ვურჩიო საიდან სჯობს , ” -აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა და ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება გაზეთ ”ასავალ-დასავალისადმი” ახსნა იმით, რომ ივანიშვილს არა აქვს ისეთი ”მწარე გამოცდილება”, როგორიც აქვს მას.
ინტერვიუში, რესპუბლიკურ პარტიაზე საუბრისას, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნული პარტიიდან მურმან დუმბაძის გარიცხვის ფაქტსაც შეეხო. შეგახსენებთ, დუმბაძე რესპუბლიკური პარტიიდან გარიცხეს პარტიის კურსთან მისი შეუსაბამო პოზიციის გამო. გასული წლის მარტში, პარტიული ლიდერების გაფრთხილების მიუხედავად მან უარი არ თქვა ბათუმში, მონაწილეობა მიეღო აქციაში, აზიზეის მეჩეთის მშენებლობის გასაპროტესტებლად.
”სხვათაშორის, დუმბაძესთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს , ვთვლი, რომ დუმბაძესთან უნდა აღდგეს ურთიერთობები და დათო უსუფაშვილი მუშაობს ამ კუთხით, მე როგორც ვიცი..”- უთხრა ”ასავლ-დასავალს” ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა: ”ისე, მეც იმავე სახის განცხადებას გავაკეთებ თქვენი გაზეთის ფურცლებზე: არ შეიძლება, მეჩეთი აშენდეს სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით! ამ საკითხში, პირველ რიგში, საზოგადოების აზრია გასათვალისწინებელია და შესაძლოა, პოლემიკაც შედგეს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის.”




