არქივი

დედათა საქმე

სამართლიანად არის მიჩნეული, რომ კულტურის ძლიერების საფუძველს წარმოადგენს არა მხოლოდ მისი თვითმყოფადობა, სიძველე თუ ისტორიული მნიშვნელობა, არამედ – შესატყვისობა უმაღლეს ღირებულებათა ძირეულ შკალასთან, რომელიც განსაზღვრავს ყოველი ერისა და მისი კულტურის ეთიკურ-ზნეობრივ მოდელს. სწორედ ამგვარ ღირებულებათა რიგს განეკუთვნება დემოკრატიული ღირებულებები, რომელთა გააქტიურება საზოგადოებრივი თვითშეგნების ზრდის წინაპირობას წარმოადგენს, ხოლო სწორი ინტერპრეტაცია – სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და პროგრესის გარანტს.

ირმა რატიანი

დედათა საქმე, რომელიც ჩვენში მონათლულია ქალების საქმედ, დღითიდღე წინ მიდის განათლებულს ქვეყნებში, დღითიდღე მომხრეებსა ჰპოულობს, ძლიერდება და კუთვნილს ადგილს იჭერს ადამიანის ცხოვრებაში. დედათა მხნეობა, სამართლიანის უფლების მოპოვებაზედ მიმართული, აღარა ჰრჩება „ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა” და დღე თითქმის ისე არ გადის, რომ საქმე – რასაკვირველია, განათლებულს ქვეყნებში, – კი ცოტად თუ ბევრად დედათა საქმე ფეხს არ იმაგრებდეს და ცხოვრების სარბიელზედ ცოტ-ცოტაობით მაინც ადგილს არ იპყრობდეს შემდეგის წარმატებისათვის. დედათა სქესმა კაცობრიობის უკეთესთა წარმომადგენელთა თაოსნობით, ღვაწლით და გარჯით უკვე დაიმტკიცა უფელბა უმაღლესის სწავლისა და განათლების მიღებისა და ეხლა მარტო ბრმანი და თვალახვეულნიღა ეურჩებიან ამ უფლებას. დედათა სქესმა დაიპყრა ამასთანავე ზოგიერთს სფერაში უფლება სახელმწიფო, თუ საზოგადო სამსახურისა და თუმცა აქ ბევრი რამ კიდევ დაჰრჩენია დასაპყრობად , მაგრამ ეს პირველდაწყებითი ბიჯიც უმნიშვნელო არ არის შემდეგისათვის. იგი უსამართლობა, რომელიც დღეს აქამომდე დედათა სქესს, ამ ნახევარს მთელის კაცობრიობისას, საძიძაოდამ და სამზარეულოდამ გარეთ არ უშვებდა და ამათ გარე არავითარს საქმეში მონაწილედ არ ჰხდიდა, ასე რომ ლუკმაპურის საშოვარის გზასაც არ აძლევდა, დიდხანს ვეღარ გაუძლებს ერთხელ ფეხადგმულს მოძრაობას.

რომ უფრო დიდი ავალი მისცენ ამ მოძრაობას და დედათა სქესს მისი სამართლიანი ადგილი მიეზომოს კაცთა ცხოვრებაში, დედათა საქმე ამ ბოლო ხანებში იმაზედ მიიმართა, რომ ქვეყნის საქმეთა გამგეობაში და კანონმდებლობაში ხმა მიანიჭონ დედათაცა, როგორც მამაკაცთა აქვსთ მინიჭებული. ამ მხრით ამერიკამ ჯერხანად ყველა ქვეყნებს გაუსწრო და იქ დღეს არამცთუ ვინმეს ეხამუშება, რომ მოხელეთა და ქვეყნის საქმეთა გამგებელთა საარჩევნოდ მამაკაცებთან ერთად დედათაც კენჭი იქონიონ, არამედ თითონ დედანიც კი რომ ამორჩეულ იქმნან თვით რესპუბლიკის პრეზიდენტადაც, არავინ გაიკვირვებს და იოცებს.

ამ ხანებში ამერიკის ქალაქში, რომელსაც ბოსტონი ჰრქვიან, ქალაქის გამგეობის არჩევნები იყო. თუმცა როგორც აქ, სხვაგანაც ამერიკაში, დედათა აქვსთ უფლება არჩევნებში მონაწილეობისა, მაგრამ დღეს აქამომდე დედათა უფლებას ბევრს არაფერს დასდევდნენ და არ ერეოდნენ არჩევნებში. ეხლა კი ამ ბოლო არჩევნებში თითქმის ყველანი მოსულან და დედათა კენჭის წყალობით დემოკრატები, რომელთაც აქამომდე ხელთ ეპყრათ გამგეობა ქალაქისა, დამარცხებულან და რესპუბლიკელებს გაუმარჯვნიათ.

                                                                                         ილია ჭავჭავაძე 

 

კომენტარები