თეატრი

მინის თეატრი რუსთაველის სცენაზე

1, 2 თებერვალს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა ახლადდაარსებულ მინის თეატრს უმასპინძლებს. თეატრი მაყურებლის წინაშე ტენესი უილიამსის „მინის სამხეცით “ წარსდგება. სწორედ ამ სპექტაკლით გავიდა დასის შემოქმედებითი ჯგუფი საერთაშორისო ბაზარზე.

მინის თეატრი, რომელიც კერძო, სარეპერტუარო, დრამატულ თეატრს წარმოადგენს, თეატრალური ხელოვნების მაგისტრის, რეჟისორ რეზო შატაკიშვილის მიერაა დაარსებული. მას არ აქვს შენობა, საკუთარი სცენა, თეატრალური დასი მუდმივმოქმედი, ახალგაზრდა პროფესიონალი მსახიობებით არის დაკომპლექტებული. მინის თეატრის შემოქმედებით ჯგუფს მონაწილეობა აქვს მიღებული კიშინოვისა და მინსკის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში . დასი კვლავ აპირებს წარმოდგენების გამართავს სხვადასხვა თეატრების სცენებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თეატრმა უკვე მოიწვია მსახიობები ლიტვიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან. იგეგმება ახალგაზრდა უცხოელი მსახიობების მოწვევა საერთაშორისო, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.

მინის თეატრის უმთავრესი მიზანია ხარისხიანი პროდუქციის შექმნა და გატანა საზღვარგარეთ, ქართული თანამედროვე თეატრის პოპულარიზაციაში წვლილის შეტანა. აგრეთვე , ახალგაზრდების პროფესიული დაოსტატება.

მინის თეატრის კონსულტანტები არიან აღიარებული თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნოდარ გურაბანიძე, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი. თეატრის მთავარი კონსულტანტია მოლდოველი მწერალი, თეატრმცოდნეობის დოქტორი, მოლდოვას რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანჯელინა როშკა. მინის თეატრის მედია პარტნიორია „პრაიმტაიმი“.

წარმოდგენა დაიწყება 19 საათზე, მისი ხანგრძლივობა 140 წუთია.

 

კომენტარები