განათლება

პროფესია – სტუდენტი

უმაღლესი განათლების სიკეთეებზე საუბარი და მისი სუბსიდირება პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი თემაა. საქართველოშიც, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ეს საკითხი საზოგადოებრივი ჯგუფების და თავად სტუდენტური გაერთიანებებისთვისაც აქტუალურია. არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ უმაღლეს განათლებას ადამიანები იმ ხელშეუხებელ სიკეთედ განიხილავენ, რომლის მიღება ნებისმიერ ფასად ღირს. ამიტომ, პოლიტიკოსები ამომრჩეველს, შესაძლებლობის ფარგლებში თუ მის გარეთ, ამ სფეროსთვის მაქსიმალური ყურადღების დათმობას ჰპირდებიან. საბოლოოდ, კერძო პირები და მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ უმაღლეს განათლებაში მათი ინვესტიცია სულ უფრო შთამბეჭდავი იყოს.

განათლებაზე ფულისა და დროის ხარჯვისას ადამიანებს ამოძრავებთ რწმენა, რომ უმაღლესი განათლება მომავლის უზრუნველყოფის გარანტიაა. შესაძლოა, მსოფლიო აირიოს და გადატრიალდეს, მაგრამ თუ ხელში დიპლომი გიჭირავს, რისკებისგან სხვებზე მეტად ხარ დაცული. თავის მხრივ, სახელმწიფო მოსაზრებით, უმაღლესი განათლებით მოქალაქეების უზრუნველყოფა, საშუალო ფენის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. თუ საშუალო ფენის წარმომადგენლების ერთ-ერთი მახასიათებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობაა – მაშინ, რაც მეტი მიიღებს მას, ქვეყანაში მით უფრო დიდი საშუალო ფენა იქნება.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება სწავლის ფასიც – მთავრობა მეტ ფულს გამოყოფს განათლებისთვის. სტუდენტები იღებენ სესხს, რომელიც შემდეგ ტვირთად აწვებათ, ან სწავლის გადასახადს მშობლები უფარავენ. არც ისაა საიდუმლო, რომ ბაკალავრის დიპლომით ცოტა თუ კმაყოფილდება – შემდეგ მოდის მაგისტრატურა, დოქტორანტურა – და მრავალი წლის შემდეგ, ადამიანები გამოდიან შრომის ბაზარზე. აქ კი ვიღაცას, ვისაც განათლების მიღებისთვის ამდენი წელი არ დაუკარგავს, უკვე უკეთესი პოზიციები აქვს მოპოვებული, ვიდრე მრავალრიცხოვანი დიპლომების მქონე ახალბედა სამუშაოს მძებნელს.

სასწავლებლის კედლებში დროის უმეტესი ნაწილის გატარება ნამდვილად სასარგებლოა, თუ ადამიანი აკადემიურ საქმიანობას აგრძელებს. სისტემის შიგნით ყოფნა მას ამ სფეროში მოქმედებისთვის საჭირო უნარების შეძენაში ეხმარება. დანარჩენ პროფესიებთან დაკავშირებით კი საქმე განსხვავებულადაა. საბოლოო ჯამში, ვიღებთ სურათს: შრომის ბაზარზე ძალიან ბევრი იურისტია, შესაბამისი სამუშაო ადგილი კი – ცოტა. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არც სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება და წახალისებაა, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაშიც ხდება – სახელმწიფო პრიორიტეტულ პროფესიებს გამოყოფს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შრომის ბაზრის საჭიროებების განსაზღვრა და მომავალი დაგეგმვა შეუძლებელია. სწრაფად ცვალებად სამყაროში დღეს მოთხოვნადმა პროფესიამ, ხვალ, შესაძლოა, აქტუალურობა დაკარგოს.

ტექნოლოგიური განვითარება კიდევ უფრო ამცირებს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე მოთხოვნილებას. აქამდე გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, პროცესი არამხოლოდ დაბალი ანაზღაურების ტექნიკური ხასიათის სამუშაოებს ეხება. კომპიუტერით წარმატებით ჩამნაცვლებელთა „რისკ-ჯგუფს” მიეკუთვნება ისეთი პროფესიებიც, როგორიცაა იურისტი, ექიმი, უცხო ენების სპეციალისტი და ა.შ. ამრიგად, ინფორმაციის ფლობა ტექნოლოგიებთან კონკურენციის საუკეთესო იარაღი აღარ არის.

განათლებაში ფულისა და დროის მასობრივ „დაბანდებას”, რომელიც, საბოლოო ჯამში, თვითმიზნადაც იქცევა ხოლმე, „განათლების საპნის ბუშტსაც” უწოდებენ.

ეკონომისტები ამ ტერმინით მოიხსენიებენ მოვლენას, როდესაც რაიმეს ღირებულება და ხელმისაწვდომობა ხელოვნურად იბერება. საპნის ბუშტი მაშინ სკდება, როცა მოთხოვნა და ფასები ისევ ვარდება. მაგალითად, ცნობილია „ბინათმშენებლობის ბუშტი”: ადამიანები იჯერებენ, რომ მომავლის წინასწარმეტყველების საუკეთესო საშუალება უახლოესი წარსულია – რახან ბინებზე ფასები იზრდება, ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. მოთხოვნის ზრდა განაპირობებს ბინების ფასების ზრდას. მიწოდება მოთხოვნას ერთბაშად ვერ ეწევა. ბაზარზე შემოსულ მოთამაშეებს სჯერათ, რომ მოკლევადიანი ყიდვა-გაყიდვა მათ მოგებას მოუტანს. რაღაც მომენტში, მოთხოვნა იკლებს, მიწოდება ზრდას განაგრძნობს, რაც ფასების მკვეთრ ვარდნას იწვევს და ბუშტი სკდება. ასე მოხდა აშშ-ში გასულ ათწლეულში.

დღეს უკვე ბევრი ფიქრობს, რომ უმაღლესი განათლება საპნის ბუშტის მდგომარეობაშია – სესხებისა და გრანტების წახალისებით, ფასი მკვეთრად იზრდება. მაშინ, როდესაც ამ ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი მცირდება. სულ უფრო მეტი სტუდენტი იწყებს მუშაობას იქ, სადაც საუნივერსიტეტო დონის უნარები საჭირო არ არის და ხშირად, ანაზღაურებაც ბევრად დაბალია, ვიდრე ეს სესხის უპრობლემოდ დაფარვას სჭირდება. სამთავრობო და კერძო ფილანთროპიული სუბსიდიების მეშვეობით, რაღაც დროით, სისტემის სტაბილურობა ნარჩუნდება, მაგრამ ბუშტის გახეთქვა მხოლოდ დროის საკითხია.

უნივერსიტეტებში მიღებული ცოდნა და რეალურ ცხოვრებაში საჭირო უნარები რომ განსხვავდება, ეს Occupy Wall Street-ის ფარგლებში დასავლეთის ქვეყნების ქუჩებს მოდებულმა ახალგაზრდებმაც დაადასტურეს. ისინი „ზეგანათლებული და უმუშევარნი” არიან: ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს, უცრუვდებათ იმედები, რომელიც ჰქონდათ მაშინ, როდესაც სესხს იღებდნენ სწავლის გადასახადის დასაფარად. საბოლოოდ, ვალი დარჩა, სამსახურის პოვნა კი არც ისე მარტივი აღმოჩნდა – ზეგანათლებულთათვისაც კი. მათ ეუბნებოდნენ, რომ უმაღლესი განათლება გარდაუვალი საჭიროებაა არა მხოლოდ ღირსეული ცხოვრებისთვის, არამედ კარგად ანაზღაურებადი სამსახურის შოვნისთვისაც. ამის მაგივრად კი, ქუჩაში აღმოჩნდნენ – რაიმე რეალური ან მოთხოვნადი უნარების გარეშე.

უმაღლესი განათლების პანაცეად წარმოჩენის საკითხს მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი, ბრაიან კაპლანიც ეხმიანება. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის მოსაზრებით, ბევრ მასწავლებელს, მათ შორის, პროფესორებს, არ ძალუძთ, სტუდენტებს ის უნარები შესძინონ, რაც მათ დასაქმებისთვის დასჭირდებათ. კაპლანის აზრით, ეს განათლების სუბსიდირების გადახედვისთვის კარგ მიზეზს იძლევა. ამ თემას ეძღვნება მისი მომავალი წიგნიც „საქმე განათლების წინააღმდეგ”.

დიპლომის ფლობა უშუალოდ დამქირავებლებისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს მაშინ, როცა დასაქმებულს, ბანკში ოპერატორად მუშაობისთვის, შესაძლოა, საერთოდ არ სჭირდებოდეს საგნები, რომელსაც წლების მანძილზე უნივერსიტეტში ასწავლიდნენ. ჩვენს შემთხვევაში, ეს, შესაძლოა, წარსული გამოცდილების გაგრძელებად განვიხილოთ. კაპლანი ამას განათლების „სასიგნალე მოდელს” უწოდებს – დიპლომი დამსაქმებლისთვის ინდიკატორია – მის მფლობელს სხვებთან კონკურენციისას ფორას აძლევს. დამქირავებლისთვის მნიშვნელოვანია არა კონკრეტული ცოდნა, რომელიც დასაქმებულმა უნივერსიტეტში მიიღო, არამედ ის თვისებები, რაზეც სასწავლებელში მიღებული კარგი ნიშნები მიუთითებს. როგორც წესი, კარგ სტუდენტებს გონება უჭრით, მასალას ადვილად ითვისებენ და მეტად შემგუებლები არიან. დამსაქმებლისთვის კი ეს სამი თვისება საკვანძო მნიშვნელობისაა.

როდის გასკდება „საპნის ბუშტი”, ამას მომავალი გვიჩვენებს. კაპლანის სიტყვებითვე რომ დავასრულოთ, „განათლება ჯადოსნობა არ არის. საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება, თუ გადასახადების გადამხდელები ფულს დაზოგავენ, სტუდენტები ნაკლებ წელს გაატარებენ სასწავლებლებში და რეალურ სამყაროში რეალურ სამუშაოს იპოვიან”.

კომენტარები