კონტროლის პალატა

ქართულ ოცნებას თვალთმაქცურ გარიგებაში ადანაშაულებენ

კოტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება” დაახლოებულ კომპანიასთან თვალთმაქცურ გარიგებაში დაადანაშაულა.

პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახური იტყობინება, რომ 25 დეკემბერს  ”ქართულმა ოცნებამ” გააფორმა ხელშეკრულება შპს ”ელიტა ბურჯთან” მომსახურების შესყიდვაზე და 29 დეკემბერს ამ კომპანიის ანგარიშზე 2 მილიონი ლარი გადარიცხა. უკვე 17 იანვარს, ”ქართული ოცნებისგან” მიღებული 2 მილიონი ლარიდან ”ელიტა ბურჯმა” 100 000 ლარი საზოგადოებრივი მოძრაობის ანგარიშზე დააბრუნა, 20 იანვარს კი 1 მილიონი ლარი .

პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახურის უფროსის  ნათია მოგელაძის განცხადებით : ” სახეზეა თვალთმაქცური გარიგების ნიშნები” , რაც  განხორციელდა ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის” მოთხოვნების გვერდის ასავლელად - იურიდიული პირისგან კანონით აკრძალული შემოწირულობისთვის კანონიერი სახის მისანიჭებლად.

მოგელაძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია უკანონოდ მიღებული დაფინანსების ჩამორთმევა და მისი ბიუჯეტში გადარიცხვა. მან გააფრთხილა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა , სანქციის თავიდან ასაცილებლად,  1,1 მილიონი ისევ გადაურიცხოს შპს ”ელიტა ბურჯს” .

შპს ”ელიტა ბურჯი”ქართუ ჯგუფთან ასოცირებული სამშენებლო კომპანიაა.

როგორც ცნობილია,  პარტიათა  დაფინანსების  მონიტორინგის სამსახურმა ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში მოსთხოვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც: ” ქართულ ოცნებას” და ”ჩვენი ხმა გიგი უგულავას”. ნათია მოგელაძის განმარტებით, მოთხოვნა ეფუძნებოდა  კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც განმარტავს, რომ დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება პოლიტიკურ პარტიებზე და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზეც. 

"იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჩვენი საკუთრების უკანონო ჩამორთმევა და, ასევე, არაგონივრულად და არათანაზომიერად მკაცრი ფინანსური სანქციები, ჩვენ იძულებულნი ვართ ამ ეტაპზე შევასრულოთ კონტროლის პალატის უკანონო მოთხოვნა. თუმცა, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მივმართოთ ჩვენთვის კანონით მინიჭებულ სამართლებრივ ზომებს, რათა აღვკვეთოთ კონტროლის პალატის ჩვეულებად ქცეული თვითნებური და უკანონო მოქმედებები ჩვენს წინააღმდეგ,“–  განაცხადეს საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებაში.”

 

 

კომენტარები