Human Rights Watch

საქართველო Human Rights Watch -ის ანგარიშში

Human Rights Watch-მა „მსოფლიო ანგარიში 2012“ გამოაქვეყნა. ანგარიშში, რომელიც 2011 წელს მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება, საქართველოს ერთი თავი ეთმობა.

 ანგარიშში მითითებულია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ  მდგომარეობა ქვეყანაში 2011 წელს კვლავაც „არაერთგვაროვანი“იყო. ორგანიზაციის შეფასებით, პოლიციამ გასული წლის მაისში ანტისამთავრობო დემონტრაციების დაშლისას გადამეტებული ძალა გამოიყენა. გარდა ამისა, იზღუდებოდა შეკრების თავისუფლება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესში დაირღვა მათი უფლებები.

 ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 მაისის აქციის დაშლისას პოლიციამ 160-მდე ადამიანი დააპატიმრა და მრავალ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის მათ, ვინც წინააღმდეგობას არ უწევდა. პოლიცია ხელს უშლიდა ჟურნალისტთა საქმიანობას, ზოგიერთი მათგანი დაშავდა. სასამართლომ 90 დაკავებულ დემონსტრანტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. Human Rights Watch აღნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სასამართლო მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს ეყრდნობოდა და ყურად არ იღებდა დაცვის არგუმენტებს.

 ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სასჯელი პოლიციის 16 ოფიცერს შეეხო, ოთხი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუმცა, სათანადოდ არ იქნა გამოძიებული არც გასული წლის მაისის მოვლენები და არც ძალის გადამეტების წინა შემთხვევები, მათ შორის 2007 წლის ნოემბრის მოვლენები.

 Human Rights Watch ასევე ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული სასჯელის მაქსიმალური ვადის 30-დან 90 დღემდე გაზრდაზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე დაკავებულებისთვის სრულად ხელმისაწვდომი არ არის მათი საპროცესო უფლებების რეალიზაცია. არადამაკმაყოფილებელია მათი საპატიმროში ყოფნის პირობებიც.

 რაც შეეხება დევნილების განსახლებას, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობამ სათანადო დონეზე არ გაითვალისწინა საერთაშორისო სტანდარტები, არ აწარმოებდა აუცილებელ კონსულტაციებს დევნილებთან მათთვის ალტერნატიული საცხოვრებლისა თუ კომპენსაციის გამოყოფაზე. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან კონსულტაციების შედეგად მთავრობამ სახელმძღვანელო პრინციპები მიიღო და მდგომარეობა გარკვეულწილად გამოსწორდა, თუმცა პროცესი ვერ მოექცა საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში.

 გასული წლის თებერვალსა და აგვისტოში მთავრობამ ასობით ოჯახი განასახლა, მათ შორის შორეულ რაიონებში, სადაც დასაქმების შესაძლებლობები შეზღუდულია.

 შრომითი უფლებების დარღვევად შეაფასა Human Rights Watch-მა გასულ წლის აგვისტო-სექტემბერში ქუთაისის ქარხანა „ჰერკულესში“ განვითარებვული მოვლენები, რომლის თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვა მოაწყო. პოლიციამ გაფიცვის რამდენიმე მონაწილე დააკავა და რამდენიმე საათში გაათავისუფლა. მოგვიანებით კი გაფიცვის სამი ორგანიზატორი დააკავა და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ტესტის გავლა მოსთხოვა. ამ მოთხოვნაზე   უარის მიღების შემდეგ  აღნიშნული პირები პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააპატიმრეს, სასამართლომ მათ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გაფიცვის მონაწილეები ამ ქმედებებს მათი დაშინების მცდელობად აფასებენ.

 Human Rights Watch ასევე აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ომის წარმოების წესებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამოუძიებლობის გამო.

 რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, Human Rights Watch პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს კანონს სამაუწყებლო კომპანიების საკუთრების გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ყურადღებას ამახვილებს ფოტორეპორტიორების დაკავებაზე და მიუთითებს, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი დაედო და მტკიცებულებები არ გამოქვეყნებულა. ორგანიზაცია ასევე მიუთითებს „კვირის პალიტრას“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საგადასახადო შემოწმებაზე და აღნიშნავს, რომ „ადგილობრივმა საშუალებებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ,“ ეს შემოწმება მედიაზე ზეწოლის მცდელობად და „26 მაისის დარბევის გაშუქებისთვის შურისძიებად“ მიიჩნიეს.

 Human Rights Watch ასევე დიდ ყურადღებას უთმობს სიტუაციას პენიტენციურ სისტემაში, სადაც პირობები კვლავაც მძიმეა და ომბუდსმენის ბიუროს მიერ დაფიქსირებულია სასტიკი მოპყრობის ფაქტები.

 ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს აშშ-მ და ევროკავშირმა გააღრმავეს საქართველოსთან ურთიერთობები, თუმცა, მათ ვერ შეძლეს ამ ურთიერთობების გამოყენება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობს გასაუმჯობესებლად.

 

კომენტარები