აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერმა ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან გააძევებს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მოსახლეობას ევროპაში გასამგზავრებლად საქართველოში დამზადებულ ” ნეიტრალურ” პასპორტებს შესთავაზებენ.
სოხუმიდან გავრცელებული ცნობით, ანქვაბმა ასეთი განცხადება 18 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც აცნობეს, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მათ მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში საზღვარგარეთ სამოგზაუროდ, ახალგაზრდებს საქართველოს ნეიტრალური დოკუმენტებით სარგებლობას სთავაზობს. საპასუხოდ ანქვაბმა აღნიშნა, რომ სოხუმი მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული გასვლები განხორციელდეს მხოლოდ აფხაზური საერთაშორისო პასპორტებით.
აფხაზური პასპორტები არალეგიტიმურია, სეპარატისტული რეგიონების ლიდერები პრეტენზიებს გამოხატავენ იმის გამო, რომ რუსული პასპორტების მქონე ამ ორი რეგიონის მაცხოვრებლებს ევროპისა და აშშ-ს ვიზებზე ხშირად უარს ეუბნებიან. 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის საზღვარგარეთ ლეგიტიმური გზით გამგზავრების უზრუნველსაყოფად, მათთვის სტატუს ნეიტრალური პირადობის მოწმობებთან ერთად, ასეთივე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების შემოღება დააკანონა.




