ბიძინა ივანიშვილის პრეს-ცენტრში დაადასტურეს ინფორმაცია ტელევიზიის შექმნის გეგმის არსებობის თაობაზე. ” რეალობაა ისიც, რომ მართვის უფლებით კომპანია ”აქცეპტს” ” იგრიკას” 100 პროცენტიანი წილი გადაეცა. ჯერ არ არის ცნობილი როდის გავა ტელევიზია ეთერში და რა ერქმევა მას. ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა სამუშაო პროცესები მიმდინარეობს,”- აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურში.
”იგრიკას” დამაარსებელი ტელე-კომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძეა. გავრცელებული ცნობებით, მან 100 პროცენტიანი წილის მართვის უფლება შპს ”აქცეპტს” 2013 წლის 13 დეკემბრამდე გადასცა. ხელშეკრულება კი ”აქცეპტის” წარმომადგენელთან ლაშა შონიასთან გააფორმა.
შპს” აქცეპტი ” 2008 წლის 3 ოქტომბერს შეიქმნა. 2011 წლის 20 დეკემბრიდან კომპანიის აქციების 80 პროცენტის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა.
რაც შეეხება შპს” იგრიკას”, ის ილია კიკაბიძემ 2006 წელს დააარსა. 2011 წლის სექტემბერში ”იგრიკამ” საკაბელო ქსელით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, 2011 წლის ბოლოს კი სატელიტური მაუწყებლობის უფლებაც.
”ტაბულას” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა განუმარტა, რომ ”იგრიკას” სამაუწყებლო ლიცენზია გულისხმობს საკაბელო ქსელის გამოყენებით ” საერთო მაუწყებლობას” ” საქართველოს მასშტაბით, 24 საათის ხანგრძლივობით.




