სახელმწიფო და ეკლესია

სახელმწიფო და ეკლესია: რუსული პრეცედენტი – საფრთხე ქართული სინამდვილისთვის

ბოლო დროს განსაკუთრებული სიცხადით გამოიკვეთა კრემლისა და რუსეთის ეკლესიის ურთიერთმიმართების ხასიათი, რომელსაც აქამდე ცუდად, მაგრამ მაინც, შეფარული სახე ჰქონდა. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული მახინჯი კავშირის ყველაზე ნათელი დადასტურება პატრიარქ კირილ გუნდიავის საჯარო განცხადებებია. მათი მიხედვით – უნდა აღდგეს “ისტორიული რუსეთი” (რომელშიც ის საბჭოთა კავშირს მოიაზრებს), ხოლო სამხრეთ ოსეთის ომის დროს რუსი სამხედროები ოსებს ქართული აგრესიისგან იცავდნენ. რუსეთის ეკლესიის პირველიერარქის საეკლესიოპოლიტიკური უტიფრობა სიმბოლური აქტითაც დადასტურდა – სასულიერო პირი კრემლში კაბინეტს “დაეუფლა”.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის ბოლომდე გასაგები არ არის, თუ რატომ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მიზნები სახელმწიფოს და ეკლესიის მსახურებას. ან რატომ არ შეიძლება მათი სიახლოვე პოზიტიურად განვიხილოთ. მართლაც, რატომაა მიუღებელი ან საშიში, როდესაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო “ეკლესიის ერთიანობის” დაცვისთვის ზრუნავს და, მეორე მხრივ, მადლიერი ეკლესია სახელმწიფო იდეოლოგიის “მოსახლეობაში გამტარებელია”, როგორც ამას ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი წერს. მაგრამ რას ნიშნავს გამოთქმა “სახელმწიფო იდეოლოგია” და როგორი უნდა იყოს ამ იდეოლოგიის შინაარსი? როგორც ჩანს, ჯერ კიდევ კარგად ვერ ცნობიერდება სეკულარული სახელმწიფოს არსი – პროფესორთა შეგნებაშიც კი. კერძოდ, ის, რომ სახელმწიფო აკონფესიური, ნეიტრალური და პლურალისტური უნდა იყოს. “აკონფესიური” არ ნიშნავს “ათეისტურს”, რადგან ათეისტური სახელმწიფო თავისი შინაარსითა და გამოხატულების ფორმით სრულიად კონფესიური სახელმწიფოა, რადგან აღიარებს და ოფიციალურ სტატუსს ანიჭებს მხოლოდ ერთ იდეოლოგიას. გარდა ამისა, გაუგებარია, კერძოდ, როგორ უნდა “გაატაროს” ეკლესიამ სახელმწიფო იდეოლოგია მოსახლეობაში? ან მისაღებია თუ არა ასეთი სახის თანამშრომლობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით? ან რას ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის “დაცვა” და მისი “ერთიანობისთვის” ბრძოლა? აქ ჩნდება შეკითხვა: როგორ და რისგან უნდა დაიცვან ეკლესია სახელმწიფოს მიერ? მიმართოს თუ არა თანამედროვე საერო ხელისუფლებამ (ეკლესიის თხოვნით/მოთხოვნით) ბიზანტიურ პრაქტიკას, როდესაც იმპერატორები სახელმწიფოს პოლიციურ ძალას იყენებდნენ განხეთქილების მოქმედთა (არიანელები, მონოფიზიტები) წინააღმდეგ, მათი ეკლესიაში დაბრუნების მიზნით? სამწუხაროდ, ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე საქართველოშიც გვაქვს ასეთი მაგალითები და ეს საგანგაშოა.

მსგავსი იდეები ქართული საზოგადოების არცთუ ისე მარგინალურ წრეებშია გავრცელებული – ესეც საგანგაშოა. ამიტომ, ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა დადგეს საკითხი ეკლესიისა და სახელმწიფოს მოღვაწეობის სფეროების მკაფიო გამიჯვნის შესახებ. სწორედ ამგვარი შინაარსის უნდა ყოფილიყო, მაგალითად, 2002 წლის ე.წ. კონკორდატი, მაგრამ სახეზე გვაქვს სრულიად საწინააღმდეგო მიზანდასახულობის დოკუმენტი.

გულისხმობს თუ არა ამგვარი გამიჯნულობა (სეპარაციის მოდელი) სახელმწიფოს მტრულ დამოკიდებულებას რელიგიისადმი? თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არა. როგორც წესი, “სეპარაციული” და სეკულარული სახელმწიფოები, სხვადასხვა სახის (პირდაპირ თუ ირიბ) ფინანსურ დახმარებასაც კი უწევენ რელიგიურ ასოციაციებსა და ორგანიზაციებს. ამ დახმარებას განეკუთვნება საგადასახადო შეღავათებიც – მაგრამ არა სრული გათავისუფლება და ისიც, მხოლოდ ერთი კონკრეტული ეკლესიისა, როგორც ეს საქართველოში გვაქვს. მაგალითად, საფრანგეთში მთავრობა გამოყოფს შესაბამის თანხებს 1905 წლამდე აშენებული საკულტო ნაგებობების რესტავრაციისთვის. იმ მოტივით, რომ ისინი, როგორც კულტურის ძეგლები, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენენ. ასევე საფრანგეთის სახელმწიფოსგან კერძო სკოლებიც იღებენ დახმარებას – თუკი სხვადასხვა აღმსარებლობას ასწავლიან მოსწავლეებს. აშშ, ასეთ სკოლებზე სხვადასხვა სახელმწიფო ვაუჩერული პროგრამების საშუალებით, სუბსიდიებს გასცემს.

სეკულარულ სახელმწიფოებში რელიგიური თავისუფლების ნორმატივები სახელმწიფოს არა მხოლოდ ნებას რთავს, არამედ ავალდებულებს კიდეც რელიგიური ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ სტრუქტურებში – სამხედრო პირთა, პატიმართა და პაციენტთა რელიგიურ უფლებებს სახელმწიფო იცავს. ეს რელიგიური თაყვანისცემისა და სწავლადარიგების მიღების შესაძლებლობის მიცემით გამოიხატება. ისეთი მკაცრი სეპარაციული სისტემის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და საფრანგეთი, ჯარში, ციხეებსა და საავადმყოფოებში მოქმედი სასულიერო პირები სახელმწიფოსგან კომპენსაციას იღებენ. თუმცა ერთი პირობით: ასეთ პროგრამაში ყველა კონფესიის სასულიერო პირი უნდა იყოს ჩართული.

სახელმწიფო მოწყობის სეპარაციული სისტემა საშუალებას აძლევს რელიგიურ უმცირესობებს, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სეპარაცია თავად დომინანტი ეკლესიის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს – რადგან სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობას, ეკლესიისთვის უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს:

1. სახელმწიფოზე დამოკიდებულება, რაც ხელს უშლის ეკლესიის თავისუფლების ხარისხს, სხვადასხვა სფეროში საკუთარი აქტივობების განხორციელებისას;

2. ეკლესიის მისიის დამახინჯება, რადგან პრიორიტეტების განაწილებისას ის დამოკიდებულია, დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო შეთავაზებულ პროექტებს;

3. მკაცრი რეგულაცია: რაც უფრო მეტად ეხმარება სახელმწიფო ეკლესიას, მით მეტად აკონტროლებს პირველი მეორის საქმიანობას (ამ მხრივ, აგრეთვე, მტკივნეული პრობლემაა სახელმწიფოს ირიბი ან პირდაპირი ჩარევა მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე სასურველი კანდიდატების დანიშვნის მიზნით);

4. რესურსების უსარგებლო ხარჯვა: ეკლესიის იერარქები უფრო მეტ დროსა და ენერგიას სახელმწიფო მანქანასთან ურთიერთობაზე ხარჯავენ, ვიდრე იმ აქტივობებზე, რისთვისაც ისინი არიან მოწოდებულნი;

5. სახელმწიფოს შეუძლია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს ეკლესია.

დაბოლოს: იდეა სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისგან განცალკევების მიზანშეწონილობის შესახებ თვით ქრისტიანობის საფუძველშივეა ჩადებული. ქრისტეს სიტყვები “კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა” (მათ. 22:21; მარკ. 12:17), პირველ რიგში, სწორედ იმას გვაუწყებს, რომ ეკლესია და სახელმწიფო სხვადასხვა ხასიათის და წარმომავლობის ორგანიზმები არიან. მათ შეუძლიათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი მისია. მათი ერთობა უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე მათი გამიჯნულობა.

p.s.

ერთი კონკრეტული მაგალითი: ამ დღეებში მოსკოვში მომიტინგეთა შორის გამოჩნდნენ მღვდლები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ქვეყანაში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, დაშლისკენ მოუწოდებენ... ეს მაშინ, როდესაც ეკლესია ვალდებულია ხალხის გვერდით იდგეს ავტორიტარი მმართველის წინააღმდეგ.

 

კომენტარები