სახელმწიფო და ეკლესია

TDI: პრემიერის პოზიცია საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგსა და ჯანმრთელობის დაცვას

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფოებრიობას, ადეკვატურად შეაფასოს საქართველოში პანდემიის საფრთხე, ამ კონტექსტში, საქართველოს საპატრიარქოს როლი და გადადგას ყველა ნაბიჯი, რათა დაიცვას ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. 

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

ბოლო დღეებში, საქართველოს საპატრიარქოს მიმართ გამოვლენილი სუსტი და არასახელმწიფოებრივი პოზიციით, საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მას მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უნარი არ შესწევს. 

14 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ჩვენ ყოველთვის ასე გვიწევდა ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ ვიპოვნით ეკლესიასთან ერთად...ჩვენ ხომ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ".

პრემიერმა ეპიდემიის პრევენციაში სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხისმგებლობა  მოქალაქეებს დააკისრა: "იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქეების გონიერების და სიბრძნის [...] მე დარწმუნებული ვარ, რომ გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება არ დაელოდოს ეკლესიას, და არ დააკისროს  ეკლესიას პასუხისმგებლობა და არ დაელოდოს მოწოდებას." 

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის განცხადება რამდენიმე მიზეზის გამო იწვევს შეშფოთებას:

ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს გადაადგილებისა და შეკრების მკაცრი წესები. სახელმწიფოს პასუხი ცალკეული მოქალაქისა თუ იურიდიული პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის შემთხვევებზე მკაცრია, ხოლო კანონმორჩილ მოქალაქეებს კარანტინის რეჟიმში ცხოვრება მძიმე ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური პირობების გათვალისწინებით უწევთ. 

ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქო და სასულიერო პირები დაუფარავად არღვევენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ წესებს. ხოლო ხელისუფლება, რეაგირების ნაცვლად, დადგენილი წესების დარღვევის შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 

ამგვარი შერჩევითი დამოკიდებულებით ხელისუფლება უარს ამბობს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპებზე: კანონის უზენაესობაზე, თანასწორუფლებიანობასა და მოქალაქეების უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე. 

ამასთანავე, პრემიერმა აღნიშნა, რომ "საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა". სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია უნდა თანამშრომლობდნენ "ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ". 

სახელმწიფოს კონფესიური ხასიათის აღიარებით, მთავრობის ხელმძღვანელმა უხეშად უგულვებელყო საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნა, კონსტიტუციური შეთანხმების პრინციპი, ურთიერთდამოუკიდებლობის საფუძველზე ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა, აღიარა ერთი აღმსარებლობის უპირატესობა, მათ შორის რელიგიური ინსტანციის უპირატესობა სახელმწიფო ინსიტუტებზე. 

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის მოცემული პოზიცია საფრთხეს უქმნის ხელისუფლების მიერ შემოღებული საგანგებო ზომების აღსრულების ლეგიტიმაციასა და საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამგვარი პოზიცია უკიდურესად ნეგატიურად აისასახება ხელისუფლების მხრიდან ადამიანების ჯამრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს და მთელ ხელისუფლებას, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფოებრიობას, ადეკვატურად შეაფასონ საქართველოში პანდემიის საფრთხე, ამ კონტექსტში, საქართველოს საპატრიარქოს როლი და გადადგან ყველა ნაბიჯი, რათა დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. 

კომენტარები