კონტროლის პალატა

ფინანსური მონიტორინგი ქართულ ოცნებაზეც გავრცელდება

 

 კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური ფინანსურ ანგარიშს საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნებისგანაც" ითხოვს. სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ დღეს განაცხადა, რომ შესაბამისი შეტყობინება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, "ქართულ ოცნებასაც" გაეგზავნება. ნათია მოგელაძემ განმარტა, რომ კონტროლის პალატის მონიტორინგი ვრცელდება არა მარტო პოლიტიკურ პარტიებზე, იმ იურიდიულ პირებზეც, რომელთაც გაცხადებული აქვთ პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

“ არა ჩვენი შეფასებით, არამედ მათივე განცხადებიდან გამომდინარე, ასეთად მოიაზრება საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნებაც”. კანონის სულისკვეთების გათვალისწინებით, მათ გაეგზავნებათ წერილი, სადაც გონივრულ ვადას განვუსაზღვრავთ, რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ განხორციელებულ ფინანსურ საქმიანობას ეხება”. – უთხრა ჟურნალისტებს მოგელაძემ.

ნათქვამს გამოეხმაურნენ ”ქართულ ოცნებაში”. მოძრაობის თემატური ჯგუფის კოორდინატორმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობაში კომენტარს მაშინ გააკეთებენ, როცა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილს მიიღებენ. ფანჯიკიძის თქმით, თუ ”ქართულ ოცნებას” კანონი ავალდებულებს ითანამშრომლოს კონტროლის პალატასთან, ის ამას აუცილებლად გააკეთებს . ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მონიტორინგი პოლიტიკურ პარტიებს შეეხებოდა და გასარკვევია კონტროლის პალატისთვის ან სხვა უწყებისთვის რატომ არის საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება” პოლიტიკური პარტია.

კონტროლის პალატაში პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ახლახან ამოქმედდა. პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის თანახმად პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ მონიტორინგს სწორედ კონტროლის პალატა აწარმოებს. კანონში გასულ წლის ბოლოს შეტანილი ცვლილებებით,  კანონით დაწესებული შეზღუდვები  ვრცელდება პოლიტიკურ პარტიებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზეც. დეპუტატ ლევან ვეფხვაძის აზრით, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენს,  ”დაკავშირებული პირების ” დადგენა ყველაზე მეტ გაუგებრობას ქმნის. ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ კანონში ბუნდოვანია ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ”დაკავშირებული პირები” ანგარიშვალდებულები არიან კონტროლის პალატის წინაშე.  როგორ განსაზღვრავს კანონი ”დაკავშირებულ პირებს”? ამასთან დაკავშირებით  ტაბულამ განმარტება სთხოვა  პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელს ნათია მოგელაძეს. მისი თქმით  , ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებსაც აქვთ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, მათ  შორის საარჩევნო მიზნები  მიიჩნევიან ”დაკავშირებულ პირებად”.   ნათია მოგელაძემ  კიდევ ერთხელ დაადასტურა , რომ აქედან გამომდინარე  კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგი ვრცელდება საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებაზეც”. მოგელაძემ ტაბულასთან საუბრისას დაიმოწმა ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და აღნიშნა: ” კანონის 26 -ე პრიმა მუხლში წერია, რომ კანონის მოთხოვნები ასევე ვრცელდება პირებზე, რომლებსაც აქვთ დეკლარირებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები. ”

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათქვამს დასძინა, რომ კანონი მოთხოვნებს უყენებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან . ” ეს არის კანონის პირდაპირი რეგულაცია, ჩვენ ჩვენს საქმიანობაში ვეყრდნობით მხოლოდ კანონის , რომლის წინაშეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის საზოგადოებრივი მოძრაობა და ფიზიკური პირი არის თანასწორი.” - აღნიშნა ნათია მოგელაძემ.

კონტროლის პალატა ”ქართული ოცნების” მიერ 2011 წლის ნოემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით განხორციელებული ფინანსური საქმიანობის ანგარიშს ელის. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური საზოგადოებრივ მოძრაობას ინფორმაციის წარსადგენად ”გონივრულ ვადას” განუსაზღვრას, რაც ნათია მოგელაძის თქმით სავარაუდოდ 5 -იდან 7 დღემდე ვადას მოიცავს.

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის 26 პრიმა მუხლი  განმარტავს:

” ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ასევე ვრცელდება:ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ; გ) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო  მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.

 კანონის თანახმად, იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება პარტიის საქმიანობასა და მიზნებს.  ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ. 

 

 

კომენტარები