ევროკავშირის სანქციები

ევროკავშირი ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას განიხილავს

ევროპელი დიპლომატების მტკიცებით, ევროკავშირის ქვეყნებმა ირანის ნავთობის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. მათ ქმედებას კი ამერიკის შეერთებული შტატებიც დადებითად შეხვდა. აღნიშნული ზომების მიღება თეირანის მიერ ბირთვული   იარაღის შექმნის მცდელობას  უკავშირდება. თუმცა, ირანი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ პროგრამაზე მუშაობის გაგრძელება მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალენ ჟუპემ 4 აინვარს განაცხადა, რომ სანქციების დეტალებზე ქვეყნები მოგვიანებით, 30 იანვრისთვის დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეჯერდებიან. ფრანგმა მაღალჩინოსანმა იმედი გამოთქვა, რომ ევროგაერთიანების შიგნით ირანის ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის სპიკერმა კი განაცხადა, რომ ემბარგოს დასაწესებლად საჭიროა ნავთობის ალტერნატიული წყაროების ძიება. მისი მტკიცებით, დრო ცოტა აქვთ და ყველაფრის კარგად გაანალიზებაა საჭირო.

როგორც ცნობილია ირანის სახელმწიფო შემოსავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე - მასზე მოდის მთლიანის 50%. ევროპის მიერ ამგვარი შეზღუდვის დაწესება მის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს, რადგან თეირანის ენერგო ექსპორტის 17% სწორედ დასავლეთისკენ მიემართება.

საგულისხმოა, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს ირანზე ეკონომიკური სანქციები უკვე აქვთ დაწესებული.

 

კომენტარები