ოკუპირებული რეგიონები

2011 - რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი წელი

 

2011 წელს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ფაქტი ახალ მნიშვნელოვან დოკუმენტებში აღინიშნა. 29 ივლისს აშშ-ს სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობისადმი მხარდაჭერა, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად აღიარება შეერთებული შტატების პოლიტიკის ნაწილია“.

სენატმა მოუწოდა მოსკოვს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა სამშვიდობო პროცესსა და ნდობის აღდგენის ღონისძიებებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის.

17 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი „აღიარებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად“. რეზოლუციის ტექსტი შეიცავს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაასრულოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია.

ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული უწოდა. "საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის, საბოლოო დეოკუპაციისთვის, ჩვენი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის, რეზოლუციაში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას. ევროპის პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში საქართველო აღიარეს ევროპულ სახელმწიფოდ და თქვეს, რომ მას აქვს უფლება გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წვერი"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

2011 წელს აფხაზეთში თავი იჩინა კიდევ ერთმა სერიოზულმა უკმაყოფილებამ რეგიონში მოსკოვის პოლიტიკის მიმართ. 2008 წლის შემდეგ ადგილობრივი საზოგადოებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევდა აფხაზური ხელისუფლების მიერ მოსკოვთან გაფორმებული შეთანხმებები აფხაზეთის რკინიგზის გასხვისების, მის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების, ასევე რუსი სამხედროების სტატუსის შესახებ, რომლებზეც ადგილობრივი კანონმდებლობა არ ვრცელდება. ასევე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა გადაწყვეტილებას სამი ობიექტის – ბიჭვინთაში, მიუსერა­სა და გაგრაში მდებარე ყოფილი საბჭოთა სამთავრობო აგარაკების რუსეთისათვის სიმბოლურ ფასად, ერთ რუბლად გადაცემის თაობაზე.

გასულ მარტში ცნობილი გახდა, რომ „საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის” შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში მოსკოვმა სოხუმისგან მდინარე ფსოუს მარცხენა სანაპიროზე, სოფელ აიბგას გარშემო მდებარე 160 კვადრატული კილომეტრის გადმოცემა მოითხოვა. ასეთ პირობებზე დათანხმების შემთხვევაში, ადგილობრივი ოპონენტები სერგეი ბაღაფშს გადაყენებით დაემუქრნენ. დე ფაქტო ხელისუფლება ამ საკითზე და რუსეთთან მოლაპარაკებების დეტალებზე საჯაროდ არ საუბრობდა. აპრილში ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიების საკითხი რუსეთმა დღის წესრიგიდან მოხსნა, თუმცა, მხოლოდ დროებით.

29 მაისს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში გულის შეტევით გარდაიცვალა. ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 26 აგვისტოს გაიმართა. გამარჯვება მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა – ალექსანდრ ანქვაბმა მოიპოვა. მან პირველ ტურშივე ხმების თითქმის 55 პროცენტი მიიღო. ანქვაბის კონკურენტებმა – დე ფაქტო პრემიერმა სერგეი შამბამ და ოპოზიციონერმა რაულ ხაჯიმბამ ხმების 21 და 20 პროცენტი მიიღეს. სამივე კანდიდატი მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობდა. გამარჯვებულმა ალექსანდრ ანქვაბმა თავის პრიორიტეტად რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება დაასახელა.

თბილისმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ანალოგიური განცხადებებით გამოვიდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და NATO-ს გენერალური მდივანი.

ანქვაბს აფხაზეთში ხისტი, ჩაკეტილი და არასაჯარო ფიგურის რეპუტაცია აქვს. მასზე გასულ წლებში ხუთი თავდასხმა მოეწყო, ისინი დღემდე გაუხსნელია. 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ანქვაბმა აფხაზეთი დატოვა და მოსკოვს მიაშურა, სადაც ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. აფხაზურ პოლიტიკაში 2004 წელს დაბრუნდა და მაშინდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი. ბაღაფშის გამარჯვების შემდეგ ანქვაბი სეპარატისტული მთავრობის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. 2009 წელს, ბაღაფშის ხელახლა არჩევის შემდეგ კი, ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ანქვაბის სახელს კორუფციასთან და დამნაშავეობასთან ბრძოლისა და „მკაცრი ხელით” მმართველობის მოლოდინს უკავშირებდნენ.

ანქვაბმა სოხუმის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა - პრემიერ-მინისტრად ერთგული მხარდამჭერი ლეონიდ ლაკერბაია დანიშა, საგარეო საქმეთა მინისტრად - ბაღაფშის ყოფილი მრჩეველი ვიაჩესლავ ჩირიკბა. ანქვაბის მმართველობის დროს თანამდებობიდან გათავისუფლდა რამდენიმე მაღალჩინოსანი, რამდენიმეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, სოხუმში გავრცელებული აზრით, ეს ზომები შერჩევითი ხასიათისაა და ყოფილ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეების ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს, ვიდრე დაპირებულ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ.

აფხაზური წყაროების ინფორმაციით, მოსკოვმა საპრეზიდენტო არჩენების შემდეგ სოფელ აიბგას და გარშემო ტერიტორიების გადმოცემის საკითხი კვლავ დრის წესრიგში დააყენა.

დრამატულად განვითარდა მოვლენები ცხინვალის რეგიონში, სადაც ედუარდ კოკოითის „პრეზიდენტობის“ უკანასკნელი ვადა ეწურებოდა, თუმცა იგი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდა. რეჟიმის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ კონსტიტუციის შეცვლას და მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას არ გეგმავდა. თუმცა, ამ მხრივ "ინიციატივა" მისმა მხარდამჭერებმა - ძირითადად, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა გამოიჩინეს.

4 მაისს, «თავდაცვის მინისტრის" მოადგილე იბრაგიმ გასეევი «მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის" სახელით ედუარდ კოკოითისთვის მესამე ვადით არჩევის წინადადებით გამოვიდა. 15 ივნისს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში ძალოვანი სტრუქტურების ორასამდე შეიარაღებული თანამშრომელი შეიჭრა. მათ დეპუტატებისგან მესამე ვადის საკითხის სასწრაფოდ განხილვა მოითხოვეს. თუმცა, ამჯერად პარლამენტარები ზეწოლას არ დაემორჩილნენ.

კოკოითის ხელისუფლებაში დარჩენა მოსკოვმა არ ისურვა. გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ არჩევნები სამხრეთ ოსეთში «მოქმედ კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაში" უნდა ჩატარდეს.

14 სექტემბერს, მმართველი პარტია "ედინსტვო"-ს ყრილობამ პრეზიდენტობის კანდიდატად საგანგებო სიტუაციების «სამინისტროს" ხელმძღვანელი, საბჭოთა სადესანტო ძალების ყოფილი ოფიცერი და 1992 და 2008 წლების კონფლიქტების მონაწილე ანატოლი ბიბილოვი დააამტკიცა. ამავე ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ედუარდ კოკოითი აირჩია, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის ახალ გზებზე მიანიშნა - განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი «საპარლამენტო რესპუბლიკად" უნდა გადაიქცეს.

საპრეზიდენტო არჩევნები რეგიონში 13 ნოემბრისთვის დაინიშნა. აპრილის თვეში კოკოითის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, რომლითაც პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატებისთვის მკაცრი, 10 წლიანი ბინადრობის ცენზი დაწესდა. ამით, ფაქტობრივად, რეჟიმმა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მოუსპო ყველა გავლენიან ოპოზიციონერს, რომლებიც წლების განმავლობაში რეგიონიდან ფაქტობრივად გაძევებულნი იყვნენ.

პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება ოქტომბერში რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის ფედერაციის მთავარმა მწვრთნელმა და კოკოითის ძველმა მოწინააღმდეგემ ჯამბოლათ თედეევმა სცადა. მის მომხრეებს შეხლა-შემოხლა მოუვიდათ ადგილობრივ ძალოვნებთან, თავად თედეევი საკუთარ სახლში ორი კვირის მანძილზე ალყაში იმყოფებოდა, რაც საბოლოოდ რეგიონიდან მისი გაძევებით დასრულდა.

ამის შემდეგ თედეევმა და რეჟიმის კიდევ ერთმა ოპონენტმა - გენერალმა ანატოლი ბარანკევიჩმა მხარი განათლების ყოფილ მინისტრის ალა ჯიოევას კანდიდატურას დაუჭირეს. რუსეთის პრემიერმა პუტინმა კი მხარდაჭერის წერილი სახელისუფლებო კანდიდატს ანატოლი ბიბილოვს გაუგზავნა. 13 ნოემბერს არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ბიბილოვს შეხვდა და საჯაროდ მხარდაჭერა აღუთქვა. თუმცა, 27 ნოემბერს გამართულ მეორე ტურში ბიბილოვმა წააგო და ალა ჯიოევამ გაიმარჯვა. მეორე დღესვე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ” არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად გამოაცხადა. საბაბად ოპოზიციონერი კანდიდატის მხრიდან დარღვევები დასახელდა. განმეორებითი არჩევნები მომავალი წლის 25 მარტისთვის დაინიშნა, თუმცა, ჯიოევას „სასამართლომ” მასში მონაწილეობა აუკრძალა.

თითქმის ორი კვირის განმავლობაში ჯიოევას მომხრეები კანდიდატის გამარჯვების აღიარების მოთხოვნით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქციებს მართავდნენ, რომლებსაც „თოვლის რევოლუცია“ შეარქვეს. მოსკოვმა თავდაპირველად ადგილობრივი „სასამართლოს” გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. მოგვიანებით, ცხინვალში სიტუაციის დასარეგულირებლად მედვედევის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი ვინოკური მიავლინა.

მოლაპარაკებები ედუარდ კოკოითისა და ალა ჯიოევას შორის 9 დეკემბერს წერილობითი შეთანხმების გაფორმებით დასრულდა, რომლის თანახმად, კოკოითი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო. მანამდე კი ყველაზე ოდიოზური მხარდამჭერები – გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი – უნდა გადაეყენებინა. ალა ჯიოევას მომავალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლეოდა, “პრეზიდენტის” მოვა­ლეობა კი არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრ ვადიმ ბროვცევს უნდა შეესრულებინა. შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჯიოევამ ოპოზიციის მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა.

10 დეკემბერს კოკოითი გადადგა და შეთანხმებით გათვალისწინებული პირო­ბები შეასრულა. თუმცა, 14 დეკემბერს მისმა ერთგულმა დეპუტატებმა კენჭი უყარეს ხუგაევისა და ბიჩენოვის გათავისუფლებას და ისინი თანამდებობებზე დატოვეს.

ალა ჯიოევამ და მისმა მხარდამჭერებმა ეს შეთანხმების დარღვევად შეაფასეს პასუხიმგებლობა ამაზე მოსკოვს დააკისრეს. თუმცა, მოსკოვი სიტუაციაში აღარ ჩარეულა. ფაქტობრივად, თანამდებობის ფორმალურად დატოვების მიუხედავად, კონტროლი რეგიონზე კვლავ ედუარდ კოკოითიმ შეინარჩუნა, რომელმაც საკვანძო თანამდებობებზე საკუთარი მხარდამჭერები დატოვა.

ცხინვალის არჩევნებში ყველა კანდიდატი პრორუსული იყო , მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რუსი ექსპერტების შეფასებით, მოსკოვს არ სურდა საკუთარი კანდიდატს დამარცხების პრეცედენტი დაეშვა.

2011 წლის განმავლობაში ჟენევაში გაგრძელდა კონსულტაციები თბილისსა და მოსკოვს შორის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროკავშირის, აშშ-ს, გაერო-სა და ეუთო-ს შუამავლობით.

როგორც ტაბულას ჟენევის მოლაპარაკებების შეფასებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა, ქართული მხარე კონსულტაციებზე სამ თემაზე ამახვილებდა ყურადღებას - დევნილების დაბრუნებაზე; ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ყოფნის დაშვებაზე, რაც ეტაპობრივი დეოკუპაციას და საერთაშორისო ძალების განლაგებას გულისხმობს; ასევე ძალის გამოუყენებლობის საკითხზე.

„სამწუხაროდ, ყველა მნიშვნელოვან თემაზე საგრძნობი წინსვლა ვერ მოხერხდა, რუსული მხარის უცვლელი პოზიციის გამო, რომელსაც არანაირი მოქნილობა არ გამოუვლენია არცერთ მნიშვნელოვან თემაზე“, - აღნიშნა კაპანაძემ.

მისი თქმით, საქართველომ 2010 წლის ბოლოს აიღო ვალდებულება, რომ ძალას არ გამოვიყენებს. ამჟამად კი რუსეთისგან ანალოგიური პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს, რასაც ჟენევაში საერთაშორისო შუამავლებიც უჭერენ მხარს.

„ჟენევის მოლაპარაკებებმა წელს აჩვენა, რომ ისინი შედგა, არ გვაქვს შედეგი, მაგრამ ეს განპირობებულია რუსეთის მხარის პოზიციით, თავად ფორმატი მუშაობს და ეს გაისად უფრო ნათელი გახდება“. - აღნიშნა კაპანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მხარე მაქსიმალურად შეეცდება მომავალ წელს მოლაპარაკებების პროცესში პროგრესს მიაღწიოს.

2011 წლის განმავლობაში ასევე გრძელდებოდა შეხვედრები ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში შექმნილ ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის ჩარჩოებში. ადმინისტრაციულ საზღვარზე, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით მხარეთა შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრებზე დაკავებულთა გათავისუფლების, ინციდენტების თავიდან აცილებისა და ინფორმაცის გაცვლის საკითხები განიხილებოდა.

30 ივნისს მოლაპარაკებების შედეგად ცხინვალში დაკავებული საქართველოს 13 მოქალაქე თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს მყოფ 13 დაკავებულზე გაიცვალა.

როგორც ტაბულასთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა აღნიშნა, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა მდგომარეობის შედარებით სტაბილიზაცია, „აღარ ხდება სროლები, მსხვერპლი დიდი ხანია არ ყოფილა“. თუმცა, იყო უარყოფითი მოვლენებიც - ტერაქტები საქართველოში 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში. “დღეს ვითარება დაძაბულია, თუმცა უფრო მშვიდი, ვიდრე ორი-სამი წლის წინ,.“ - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა .

მისი თქმით, ოსური მხარის ტყვეობაში ამჟამად საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება, რომელთა გათავისუფლებაზე ადგილობრივი რეჟიმი „გარუკვეველი მიზეზების გამო“ ჯერჯერობით უარს ამბობს.

2011-ში , ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში  შვეიცარიის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ განსაზღვრა  მონიტორინგი რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სავაჭრო დერეფნებში, რაც ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტულმა ხელისუფლებებმა „სუვერენიტეტის დაკნინებად“ აღიქვეს, განსაკუთრებით - სოხუმში.

2008 წლის შემდეგ წარსულს ბარდება რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის კიდევ ერთი წელი. ეს ვალდებულებები 2011 წლის ოქტომბერში, მოსკოვს თბილისიდან საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ შეახსენა, როცა თავისუფლების მოედანზე შეკრებულ საზოგადოებას უთხრა : „ყოველგვარი სტრატეგიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფით, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები არა მხოლოდ დარჩა, არამედ გაძლიერდა კიდეც თქვენს კართან, გამყოფი ხაზის გადაღმა“.

 

კომენტარები