პარტიების დაფინანსება

პარტიებს ფულის დაბრუნება აღარ მოუწევთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დღეს უარყო მოსაზრება, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონში მისი გამოქვეყნების შემდეგ შესწორებები შევიდა. მან ასევე დაადასტურა, რომ კანონდარღვევით მიღებული თანხების დაბრუნების ვალდებულება, რასაც კანონი პარტიებს აკისრებს, მხოლოდ ძველი კანონით გათვალისწინებულ კანონდარღვევებზე ვრცელდება.

"რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ კანონს არანაირი უკუქმედების ძალა, რაზეც ბოლო დღეებში იყო საუბარი, არ გააჩნია. მათ შორის არც კონკრეტულად იმ პარტიებთან მიმართებაში, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში იყო საუბარი. თუ სხვა ტიპის დარღვევა არ იქნება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ჩვენი ახლად გამდიდრებული კოლეგები ახალ წელს ისევ მილიონერების რანგში შეხვდებიან", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში“ ძალაში გუშინდელი დღიდან შევიდა. ამ ცვლილებების თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს იურიდიული პირებისგან შემოწირულობების მიღება აეკრძალათ. ხოლო იმ პარტიებმა, რომლებსაც კანონდარღვევით მიღებული და ჯერ დაუხარჯავი თანხები აქვთ, ისინი შემომწირველს 3 დღის ვადაში უნდა დაუბრუნონ.

 კანონის ამ ფორმით მიღება დაგმეს როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, რადგან, მათი თქმით, კანონისთვის უკუქმედების ძალის მინიჭება არაკონსტიტუციურია, პარტიებს კი კანონის მიღებამდე მიღებული თანხის უკან დაბრუნება მოუწევდათ. კონკრეტულად, თანხები რესპუბლიკელებს, სახალხო პარტიას, თავისუფალ დემოკრატებსა და კონსერვატორებს უდნა დაებრუნებინათ, რომლებმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ იურიდიული პირებისგან 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

 გუშინ აშშ-ის საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას“.

 მოგვიანებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მიღებულ კანონს არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს, შესაბამისად, არცერთი პოლიტიკური გაერთიანება ადრე კანონიერი გზით მიღებული შემოწირულობისთვის არ დაისჯება. პავლე კუბლაშვილის განცხადებჳთ, ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა აშშ-ის საელჩო შეცდომაში შეიყვანეს.

 „პასუხისმგებლობა დაეკისრება პოლიტიკურ გაერთიანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან შემოწირულობის მიღების მომენტში არსებული კანონი დაარღვია და პარტიის, თუ ცალკეული სუბიექტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის გვერდის ავლის მცდელობას“, - განმარტა კუბლაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის ინფორმაციით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი კანონი საკანონმდებლო მაცნეს საიტზე ჩასწორდა.

"გუშინ, საღამოს 17:30 საათის მდგომარეობით საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული იყო ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადების შემდეგ კი ტექსტი შეიცვალა. ჩვენ ამის მტკიცებულებები გვაქვს", - განაცხადა ხიდაშელმა.

თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მტკიცებით, ახლად დამტკიცებული კანონი გამოქვეყნების შემდეგ არ ჩასწორებულა. "კანონში გამოქვეყნების შემდეგ არაფერია შეცვლილი და ტერმინი "ამ" („ამ კანონით“) ამოღებულია მხოლოდ პარლამენტში მესამე მოსმენაზე გატანილი პროექტიდან. თუ პლენარულ სხდომაზე საუბარი იყო იმაზე, რომ ამ სიტყვის ამოღება უნდა მომხდარიყო, ბუნებრივია, ეს პროექტში უნდა გათვალისწინებულიყო, მაგრამ თუ ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა", - განაცხადა საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განმარტებით, როგორც წესი, კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვისას, მასში მხოლოდ სარედაქციო ხასიათის შესწორებების შეტანა ხდება და არა ისეთის, რომელმაც შესაძლოა, დოკუმენტის შინაარსი შეცვალოს.

"ამ შემთხვევაში კი, ტერმინის "ამ" ამოღება, თუ ეს დეპუტატებთან შეთანხმების გარეშე მოხდა, თავისთავად, კანონის აზრს ცვლის", - განმარტა ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები