პარტიების დაფინანსება

პარტიებმა ფული ახალ წლამდე უნდა დააბრუნონ

გუშინ მიღებული ცვლილებები კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ" ძალაში შევიდა. პრეზიდენტმა კანონს ხელი გუშინვე მოაწერა, დღეს კი აქტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც დაფინანსება იურიდიული პირებისგან მიიღეს და ჯერ არ დაუხარჯავთ, თანხები შემომწირველს სამი კალენდარული დღის ვადაში - ახალ წლამდე უნდა დაუბრუნონ.

ბოლო ორი თვის განმავლობაში რესპუბლიკელებმა, ხალხის პარტიამ, კონსერვატორებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული იურიდიული პირებისგან ჯამში 4,1 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, მათ ამ თანხების დაბრუნება მოუწევთ. ამავე დროს, გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2011 წლის სექტემბრიდან პარტიამ იურიდიული პირებისგან 1,5 მილიონი ლარი მიიღო. დეპუტატ პავლე კუბლაშვილის განმარტებით, გაუხარჯავ თანხებს ნაცმოძრაობა შემომწირველებს დაუბრუნებს.

„ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი მზადაა, სხვადასხვა კომპანიებიდან გადარიცხული თანხა დააბრუნოს. "როცა კანონი ძალაში შევა, ბუნებრივია, რაც კანონში წერია, იმას გავაკეთებთ, მაგრამ მანამდე რა აუცილებელი ხარჯების გაწევასაც მოვასწრებთ, გავწევთ – გადავიხდით ოფისის ქირას, ბენზინს შევიძენთ. ხოლო როცა კანონი დაგვავალდებულებს, ბუნებრივია, დარჩენილ თანხას უკან დავაბრუნებთ", - განუცხადა დავითაშვილმა ინტერპრესნიუსს. მისივე განმარტებით, "ხალხის პარტიამ" თანხის ნაწილი უკვე აითვისა, თუმცა, "ძნელი წარმოსადგენია, რომ ამდენი თანხის დახარჯვა ერთ დღეში შეძლოს".

როგორც, თავის მხრივ, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, კომპანიებისგან მიღებული დაფინანსების უკან დაბრუნების ვალდებულების საკითხზე პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და უახლოეს ხანში მათი ერთობლივი განცხადება იქნება მიღებული. მისივე განმარტებით, პარტიებმა კომპანიებისგან მიღებული დაფინანსების ნაწილი უკვე აითვისეს, რაც კოალიციის პოლიტიკურ საჭიროებაზე - იჯარაზე, საწვავზე და ა.შ. დაიხარჯა.

 

კომენტარები