პენიტენციური სისტემა

სახალხო დამცველი წინასწარი გამოძიების დაწყებას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება მსჯავრდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ N18 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულს. მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2011 წლის აპრილში მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ოქტომბრის თვეში ევროსასამართლოდან მსჯავრდებულის განცხადებასთან დაკავშირებით გამოიგზავნა მითითება მისთვის მკურნალობის ჩატარების თაობაზე.

2011 წლის 1 დეკემბერს მსჯავრდებული გადაიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი განმარტებით, N18 დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან მას სისტემატურად აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ დაწესებულების სარეჟიმო სამსახურის უფროსი ალექსანდრე თოლორდავა, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ავსაჯანიშვილი და სხვა თანამშრომლები. ასევე სასჯელის დამატებით ემუქრებოდა სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ ბულბულაშვილი.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები დეტალურად არის აღწერილი მსჯავრდებულის ახსნა–განმარტებებში, რომელიც სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა.

 

კომენტარები