ეს ჰაერში გამოკიდებული კითხვები მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ერთმანეთის მიყოლებით, ოთხი სრულიად განსხვავებული და საინტერესო ფილმი ვნახე: ალექსანდრ სოკუროვის კლაუსტროფობიური “ფაუსტი”, შვედი რეჟისორების ულე სიმონსონის და იუჰანეს სტერნე ნილსონის იუმორისტულ/მუსიკალური “ხმაურის ხმა”, ბელა ტარის აპოკალიპტურ/რუტინული “ტურინული ცხენი” და ფრანსუა ოზონის მუსიკალურ/ფემინისტური “უწყინარი დიასახლისები”.
“არის ფილმები, რომლებიც გატირებს. არის ისეთი – რომელიც გულიანად გაცინებს. და ისეთიც, რომელთა ნახვის შემდეგ თქვენ სამუდამოდ იცვლებით”, – ამ სიტყვების შემდეგ დარენ არანოვსკიმ, ვენეციის კინოფესტივალის 68-ე ოქროს ლომი ალექსანდრ სოკუროვს გადასცა ფილმისათვის “ფაუსტი”. “ფაუსტი” სოკუროვის ტეტრალოგიის ბოლო აკორდი, უფრო სწორად, ბოროტებაზე შექმნილი მისი ფილმების ბოლო სერიაა, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანებში ჰქონდა ჩაფიქრებული. თუმცა, სიტყვა სერია ძალიან საცოდავად ჟღერს ამ ეპიკურ და უზარმაზარ ფილმთან. კლასიკური ნახატივით, 4:3 ფორმატში შესრულებული “ფაუსტი”, დამოუკიდებლად არსებული კუნძულივით არის, რომელიც იმდენად გატყვევებს თავისი მასშტაბურობით და სიძლიერით, რომ შეიძლება დანებდე და ერთ-ერთ საუკეთესო ფილმადაც აღიარო. ის, როგორც ლუვრში გამოფენილი შედევრი, მასიურ და მსუყე დეტალებით გადატვირთულ ტილოს მოგაგონებთ, რომელსაც პირველი საათი დაბნეული უყურებ, რადგან ვერაფერს იგებ; მერე კი, ნელ-ნელა თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება; ცდილობ გოეთეს ალეგორიების ამოკითხვას (და არა წაკითხვას) და მარადიულ კითხვებზე პასუხების გაგებას. მაგრამ აქ პასუხები არ არის. სოკუროვის ფაუსტი ხელახლა იბადება ახალ, თეთრ, ცარიელ სამყაროში. “მართალი რომ გითხრათ, არც ისე ძალიან მიყვარს კინო და ჩემთვის ყველაფერს ლიტერატურა განაპირობებს. სწორედ ლიტერატურის გამოცდილებაა ჩემთვის მთავარი”, – თქვა ერთხელ სოკუროვმა და ამ ფილმით, ეს სიყვარული კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი ეს რეპლიკა მე-20 საუკუნის კინოექსპერიმენტატორებს რომ მოესმინათ, აი იმათ, სუფთა კინოს შექმნას რომ ცდილობდნენ, ნამდვილად გაბრაზდებოდნენ. თან ძალიან გაბრაზდებოდნენ. ახალგაზრდა ექსპერიმენტატორებს კი უნდოდათ შეექმნათ კინო, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ლიტერატურისგან და ტექსტუალური მასალისგან. მათ სჯეროდათ, რომ კინო იპოვიდა თავის ენას. მათ უნდოდათ შეექმნათ – სუფთა კინო.
წლევანდელ ფესტივალზე პირველად იყო წარმოდგენილი შვედური პროგრამა, რომლის განხორციელებაც შვედეთის საელჩომ და ელჩმა დიანა იანსემ ითავა. მოკლემეტრაჟიანი ფილმით ჩამოსული იყო თურქი-ქართველი რეჟისორი ლევან აკინი, რომელიც შვედეთში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს. პროგრამის – სიყვარულით შვედეთიდან – ფარგლებში ნაჩვენები იყო ლივ ულმანის “მოღალატეები” და ფესტივალის ფავორიტი, ულე სიმონსონის და იუჰანეს სტერნე ნილსონის “ხმაურის ხმა”. ვფიქრობ, “ხმაურის ხმა” არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არაფრისგან, ძალიან კარგი კინოს გაკეთება. მისი გმირიც ხომ ასეა, ის არაფრისგან ქმნის მუსიკას. თავის მუსიკას, რომლის მოსმენაც ერთი სიამოვნებაა. დარწმუნებული ვარ, წლევანდელ ფესტივალს საკონკურსო პროგრამა რომ ჰქონოდა, ამბავი უცნაურ მუსიკოსებზე, რომლებიც ყველაფერზე უკრავენ ინსტრუმენტების გარდა, პრიზირებული ფავორიტი გახდებოდა.
მართალია, არანაირ თავბრუსხვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მოულოდნელი იმედგაცრუების ამბავზე გიორგი მასხარაშვილის “მესაათე” გამახსენდა, რომლის პრემიერაც ოქტომბერში გაიმართა და ფესტივალზე, ქართულ პანორამაში იყო წარმოდგენილი. ამ ფილმზე საკმაოდ დაიწერა და ეს კრიტიკა სრულიად დამსახურებული იყო. რა თქმა უნდა, ფილმი პირველ რიგში ვიზუალია, რომელიც უნდა აჩვენო და არ უნდა მოყვე; ფილმს ნამდვილად სჭირდება ძლიერი დრამატურგია, რომ მერე უცებ, სრულიად ზედმეტი და თურმე არაფრის მომცემი გმირები არ აღმოაჩინოს მაყურებელმა შენს სურათში; და, მგონი, დიდი ხანია აღარ მიგრძვნია მსგავსი დისონანსი განვითარებულ ამბავს და ფილმის მუსიკალურ მხარეს შორის.
რადგან ფესტივალს არ ჰქონდა მთავარი კონკურსი, გადაწყდა ქართულ პანორამაში გამოევლინათ ერთი გამარჯვებული, რომელსაც ფესტივალის დიდი ხნის მეგობრები, გერმანელი კინომცოდნეები ულრიხ და ერიკა გრეგორები შეაფასებდნენ. ნანა ჯანელიძის “ნეტავ იქ თეატრი არის?” მათი ფავორიტი გახდა. „როგორც ფრანგები ამბობენ, კარგი კონიაკი არის ის, რომელსაც სულ მცირე სამი თაობა ემსახურებოდა – პაპა, მამა და შვილი”, – ამბობს კახი კავსაძე ფილმის დასაწყისში. მანამ, სანამ რეჟისორ ნანა ჯანელიძის დახმარებით
კაფეში მომუშავე ნანას ისტორიას გვიყვება ქეთი მაჭავარიანის “მარილივით თეთრი”, რომლის პრემიერაც ფესტივალის ფარგლებში შედგა. ფილმმა არაერთ ფესტივალზე აიღო პრიზი და წარმატებით აგრძელებს ვოიაჟს. ეს არის ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს და კაფეში მუშაობით ფულს აგროვებს, რათა რაჭაში საკუთარი კაფე გახსნას. უსახლკარო გოგონას უვლის ხოლმე და პატრულის სიმპათიურ თანამშრომელთან იწყებს ურთიერთობას. მაგრამ ყველაფერი ისე როდი ხდება, როგორც ადამიანს უნდა. ნანა მარტო რჩება. ამიტომ, ხელს იქნევს ყველაფერზე და უკეთესის იმედით ფოტოზე ნანახ ადგილას მიდის. სადღაც თურქეთშია, მარილივით თეთრ სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ ამბავიც ემოციურია და მთავარი როლის შემსრულებელიც (ნინო ქორიძე) ბოლომდე ცდილობს იყოს დრამატული, ფილმს ზუსტად ის “მარილი” აკლია, რაც მისი პერსონაჟის ცხოვრებას.
ჰო, მარილზე გამახსენდა. ზომიერად შეზავებული იყო ერთი პატარა ჩანახატი, 8-წუთიანი მოკლე, სხარტად და იუმორით მოყოლილი ამბავი ზარმაც კაცებზე – ნანა ექვთიმიშვილის “დედა” – გამორჩეულად დასამახსოვრებელი ნამუშევარი აღმოჩნდა. კარგად შესრულებულმა ამ პატარა ფილმმა, ბევრი საფესტივალო სრულმეტრაჟიანი ჩამოიტოვა უკან.