20 დეკემბერს ებრაელმა ხალხმა ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ებრაული დღესასწაულის, ხანუქას აღნიშვნა დაიწყო.
დღესასწაული აღნიშნეს საქართველოშიც. ებრაელებს დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. მილოცვის ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა: „დღეს ებრაელი ხალხი ხანუქის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულს, რომელიც რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. მინდა მივულოცო მთელ ებრაელ ხალხს, ქართველ ებრაელებს ეს დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეულ ჩვენგანს, რაოდენ დიდი ძალა აქვს რწმენისთვის შეუდრეკელ ბრძოლას. მინდა გისურვოთ, რომ ამ მტკიცე რწმენას მხოლოდ წარმატებები, მშვიდობა და კეთილდღეობა მოეტანოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ებრაელებს დღესასწაული პირადად მიულოცა ქალაქის მერმა. გუშინ გიგი უგულავა ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სინაგოგაში იმყოფებოდა: ”ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ქართველები და ებრაელები ისე ვცხოვრობთ, როგორც ორი ტყუპი ძმა. ეს ჩვენი სიმდიდრეა და ამ სიმდიდრეს უნდა გავუფრთხილდეთ" - განაცხადა მან.
ქართველმა ებრაელებმა ხანუქა აღნიშნეს იერუსალიმშიც - დღესასწაული ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის მხარდაჭერით ჩატარდა.
ხანუქა სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 საუკუნიდან იღებს და ტაძრის გათავისუფლებასა და კერპებისგან გაწმენდას უკავშირდება. ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად ებრაელები რვაქიმიან მენორაზე სანთლებს ანთებენ.