ეს კი ტექნოკრატებისთვის დამახასიათებელ ექსპერტიზასთან ერთად, სხვა ფაქტორების გათვალისწინებასაც მოითხოვს. გადაჭარბებულია მტკიცება, რომ ამა თუ იმ საკითხის სპეციალისტები ყოველთვის აპოლიტიკურად მოქმედებენ. მაგალითად, შესაძლოა, ტექნოკრატმა ლიდერმა საკუთარ ეკონომიკურ ცოდნაზე დაყრდნობით მოსახლეობას ფინანსური რეცესიის დაძლევის გზა შესთავაზოს, თუმცა რეფორმების გატარებისას კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა გაუძნელდება. კერძოდ, გაუჭირდება არჩევანის გაკეთება გადასახადების გაზრდასა და დანახარჯების შემცირებას შორის. ასევე, სხვადასხვა ჯგუფებზე მის მიერ გატარებულ პოლიტიკის გავლენას ვერ განსაზღვრავს.
ამასთან ერთად, ხშირად ტექნოკრატებს პოლიტიკოსების წინააღმდეგობის გამო, გარკვეული ინიციატივების საბოლოო გატანა უჭირთ.
ტერმინი „ტექნოკრატია” მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან “ტექნე” და „კრატოს”, რაც, შესაბამისად – „ხელობას” და „მართვას” ნიშნავს. სიტყვასიტყვით ტექნოკრატები „პრობლემების გადამჭრელები” – პოლიტიკოსები, რომლებიც გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხზე საკუთარი ექსპერტიზის ან სპეციალური ცოდნის მიხედვით იღებენ – გამოდიან. თეორიულად ისინი გადაწყვეტილების მიღებისას რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან ინტერესთა ჯგუფის გულის მოგებას ნაკლებად ცდილობენ. ამ ტერმინის დამკვიდრება უილიამ სმიტის სახელთანაა დაკავშირებული. ის ამტკიცებდა, რომ ქვეყანა ეკლესიის, ფეოდალური მიწათმფლობელის მაგივრად, ინდუსტრიის წარმომადგენლის ან მეცნიერის მიერ უნდა იმართებოდეს.
ტექნოკრატია თავდაპირველად მემარცხენეთა იდეას წარმოადგენდა. ამის საჩვენებლად ბოლშევიკური რევოლუცია გამოდგება, როდესაც ეკონომიკასა და ჯარში ცვლილებების გასატარებლად, ბურჟუაზიული სპეციალისტები მოიხმეს. თუმცა, ტექნოკრატები არც კაპიტალისტური სამყაროსთვის იყო უცხო. ტექნოკრატიული მოძრაობა აშშ-ში მსოფლიო ომებს შორის პერიოდში იღებს სათავეს. დიდი დეპრესიის დროს ინჟინრებისა და დისიდენტი ეკონომისტების მიერ დაკომპლექტებული მოძრაობები პოლიტიკოსებს დემოკრატიული და ტექნოკრატიული რეფორმების ერთდროულად განხორციელებას სთხოვდნენ.
მომდევნო დეკადებში ტექნოკრატიულ მოძრაობას თითქოს რეპუტაცია შეელახა. ადმინისტრაციული მენეჯმენტის, გეგმიური და მკაცრად რეგულირებადი ეკონომიკისადმი მიდრეკილების გამო ბევრმა მას კომუნიზმისა და ფაშიზმის გამოწვევა დასდო ბრალად. მაგალითად, ჯორჯ ორუელი ტექნოკრატიას ფაშიზმის წინაპირობად ასახელებდა. როგორც ცნობილია, ტექნოკრატები გადაწყვეტილებების მიღებისას ძირითადად სტატისტიკურ და ემპირიულ მონაცემებს ეყრდნობიან. ამის გამო, მათ სხვადასხვა პრობლემის ირგვლივ სოციალური ფაქტორის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. თუმცა მოძრაობამ დადებითი იმიჯი კვლავაც შეინარჩუნა. ჰოლანდიაში ტექნოკრატები იღებენ საკუთარ თავზე სხვადასხვა ინტერესებისა და მოსაზრებების მქონე მხარეების – ერთი მხრივ, დასაქმებულების და, მეორე მხრივ, დამსაქმებლების, კოალიციური მთავრობის განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლების – მედიატორის ფუნქციას. უთანხმოების გადასაჭრელად, ხშირ შემთხვევაში, სწორედ მათ მიმართავენ. ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში ტექნოკრატებმა ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისკენ ტრანზიციის პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. სწორედ მათი ინიციატივით გატარდა საკვანძო ეკონომიკური რეფორმები, რომელთა მიზანი ამ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დანერგვა გახლდათ.
თუმცა, ისიც ნათელია, რომ ტექნოკრატებს დასახმარებლად, ტრადიციულად, კრიზისების დროს ეძახიან. მიზეზი მარტივია: მათთვის არაპოპულარული ზომების მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ხალხის მიერ არჩეული მმართველებისთვის. ეს უკანასკნელნი დემოკრატიულ საზოგადოებებში მეტად მგრძნობიარენი არიან ამომრჩეველთა აზრის მიმართ. ტექნოკრატი ლიდერები კი გადაწყვეტილებების მიღებისას მხოლოდ ექსპერტიზას ეყრდნობიან. შედეგად, მათთვის უფრო ადვილია სასიცოცხლო რეფორმების გატარება.
ტექნოკრატების მთავარ ღირსებაზე – აპოლიტიკურობისა და ნებისმიერი მხარის მიმართ ნეიტრალურობაზე – საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფალთ ყოველთვის უხდებათ პოლიტიკური არჩევანის გაკეთება. მაგალითად, შესაძლოა ტექნოკრატმა ლიდერმა საკუთარ ეკონომიკურ ცოდნაზე დაყრდნობით მოსახლეობას ფინანსური რეცესიის დაძლევის გზა შესთავაზოს, თუმცა რეფორმების გატარებისას კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა გაუძნელდება.
ფინანსური რეცესიის დროს, ტექნოკრატების ხელისუფლებაში მოსვლა, შესაძლოა, სისტემისთვის ინოვაციად ჩაითვალოს, რაც ქვეყნებს რეფორმების გატარებასა და განვითარებაში დაეხმარებათ. თუმცა, მმართველობა დროებითი აღმოჩნდება, რადგან კრიზისის გასვლის შემდეგ მოსახლეობა არჩევანს კვლავაც ტრადიციულ პოლიტიკოსებზე გააკეთებს. ამ უკანასკნელთა გაკონტროლების ბერკეტი – საყოველთაო კენჭისყრა – ხომ მათ ხელთაა, რასაც ტექნოკრატებზე ვერ ვიტყვით.