ვაცლავ ჰაველი

ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა

 

 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ვაცლავ ჰაველი, ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი, საზოგადო მოღვაწე, უფლებადამცველი, დრამატურგი და ესეისტი. ვაცლავ ჰაველი იყო ჩეხოსლოვაკიის ბოლო (1989-1992) და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ( 1993-2003).

 ყოფილი დისიდენტი, რომელიც სათავეში ედგა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ  მოძრაობას, გახდა მთავარი ფიგურა, რომელმაც ჩეხეთის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყო ხელი. მას მიაჩნდა, რომ პოლიტიკა შეუძლებლის შეძლების ხელოვნებაა.

ვაცლავ ჰაველი იყო ადამიანის უფლებათა მანიფესტის, ”ქარტია 77”-ის ერთ-ერთი ავტორი და ხელმომწერი დოკუმენტისა, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ოპოზიციური მოძრაობის წარმმართველად იქცა. ვაცლავ ჰაველს მიღებული აქვს აშშ-ს პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ელჩის წოდება. ორიოდ თვის წინ, პრაღაში, ჰაველი საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა გიორგის ორდენით იმ წვლილისთვის დააჯილდოვა, რაც მან საბჭოთა იმპერიის დასრულებისთვის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლისთვის გაიღო. ” მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მალე აღსდგება მის ისტორიულ ფარგლებში და ეს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე მოხდება. იმედი მაქვს , რომ საქართველო მალე გახდება ევროპული ინსტიტუტების, უპირველესად კი ევროკავშირის წვერი,”- განაცხადა მაშინ ჩეხეთის პირველმა პრეზიდენტმა.

 ჰაველი იყო ერთ-ერთი ხელმომწერი ცნობილი ღია წერილისა, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას 2009-ში ევროპელმა ლიდერებმა მიმართეს: ” როდესაც დღევანდელ ევროპას ვუცქერთ, ნათელია, რომ ისტორია ტრაგიკული რჩება, ნახევარი კონტინენტის გათავისუფლებიდან 20 წლის შემდეგ ევროპაში ახალი კედელი შენდება- ამჯერად სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე.” ვაცლავ ჰაველი ბოლო წლებში გამოთქვამდა შეხედულებას, რომ რუსეთში ” მანიპულირებადი დემოკრატია, ანდაც ახალი, კომუნიზმზე გაცილებით დახვეწილი დიქტატურა” ყალიბდება.

 პრეზიდენტობის შემდეგ ვაცლავ ჰაველი ლიტერატურულ საქმიანობა დაუბრუნდა, დააარსა ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკა, ეწეოდა ქველმოქმედებას. ჩეხეთის ლეგენდარული პირველი პრეზიდენტი ფილტვების კიბოთი იყო ავად , ბოლო წლებში მან რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.

 ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ  კლაუსმა განაცხადა, რომ გარდაიცვალა თანამედროვე ჩეხეთის „სახელმწიფოს სიმბოლო“, ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერი და თავისუფალი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, რომელმაც “ უდიდესი როლი შეასრულა იმისთვის, რომ ჩეხეთი გამხდარიყო თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს ნაწილი .“

 ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირჟი შნაიდერის შეფასებით,  ჰაველი იყო ჩეხების გამაერთიანებელი ფიგურა და მის გარეშე ჩეხეთისთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის „გაცილებით რთული იქნებოდა ნატოში და ევროკავშირში შესვლა, თავისუფალი ერების ოჯახში დაბრუნება.

„ ვაცლავ ჰაველი იყო ჩვენი საუკუნის უდიდესი ევროპელი.“- საკუთარ Twitter-ზე დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა. ვაცლავ  ჰაველს უდიდესი ევროპელი უწოდა     გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც  .  "  ჰაველის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დარჩება გერმანელების მეხსიერებაში. ჩვენ გერმანელებსაც გვაქვს მისთვის სათქმელი ბევრი მადლობა.“ -აღნიშნა მერკელმა.  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ევროპა ვალშია ვაცლავ ჰაველის წინაშე, რომელმაც  სიცოცხლე  მიუძღვნა ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლას. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი აღნიშნა, რომ ჰაველი გამოხატავდა რკინის ფარდის მიღმა , ნახევარი კონტინენტის მისწრაფებებს და  მან  "შესაძლებელი გახადა ევროპის გაერთიანება".

 

 

 

 

კომენტარები