არქივი

გრიგოლ ფერაძე სარწმუნოების და მოქალაქეობის შესახებ

გრიგოლ ფერაძის სახელი საბჭოთა საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ტაბუდადებული იყო, მაგრამ დღეს თითქმის აღარ დარჩა გაზეთი, მის შესახებ რომ არ მოეთხრო მკითხველისათვის. აღმოსავლეთმცოდნეები გრიგოლ ფერაძეს კლასიკოსად მიიჩნევენ. ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე, ათეისტური რეჟიმის მხრიდან მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, მას მაინც იმოწმებდნენ ან ეკამათებოდნენ. ნიკო მარი თანამშრომლობას სთავაზობდა. ქ. ვიტენბერგის უნივერსიტეტში მისი სახელობის კაბინეტი მოქმედებს. მის შესახებ ბიოგრაფიულსა და ბიბლიოგრაფიულ მასალას გვაწვდიან ავტორიტეტული სამეცნიერო და რელიგიური ცნობარები. გრიგოლ ფერაძის ფენომენზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, რადგან, ერთი მხრივ, მართლმადიდებლობად ნაციონალურ იდეოლოგიას სახავენ და ახლო წარსულში ხელკეტებად ქცეული ჯვრებით უსწორდებოდნენ ღვთის მიერ ბოძებულ ნების თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, ძლიერდება უნდობლობა მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის მიმართ.    

…როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზე, ის არ გულისხმობს, პირველ რიგში, ტაძრებს, საქართველოს მზეს, მთებს და ველებს, არამედ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც გრძნობს წინაპართა ანდერძს და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს და ეხმარება ანდერძის აღსრულებაში. ეს ანდერძია: ძიება ღვთისა და ძიება სასუფევლისა, ძიება ღვთის სიმართლისა ამ ქვეყანაზე – ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის. ამ ანდერძით ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი. მიზანი მოქალაქის ცხოვრებისა უნდა იყოს ღმერთი. თუ ადამიანის ან ერის ლოცვის პირველი სიტყვა სხვა რამეა და არა ღმერთი, გინდაც ეს სიტყვა იყოს ისეთი, როგორიცაა სამშობლო, პატრიოტიზმი, ბრძოლა და შრომა თავისუფლებისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის, მაშინ ეს სიტყვა იქნება უკმარისი. ადამიანმა თავისი ცხოვრება უნდა ჩააყენოს დიდ კონცეფციებში, ე.ი. მოქმედება და ცხოვრება უნდა დაუმორჩილოს ისეთ დიდ რამეს, რომლის მადლსა და ძლიერებას არავითარი საზღვარი არა აქვს, რომლის ცა მთელს მსოფლიოს ფარავს, რომელიც ადამიანის ყოველ მიზანსა და მისწრაფებას, რაგინდ ლოკალური იყოს იგი და შემოზღუდული, უნივერსალურსა და წარუვალ მნიშვნელობას აძლევს…

…მოქალაქეობა არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინდახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას... მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად…

…მძიმე გამოცდის ჟამს ეკლესია მხოლოდ საკუთარი რწმენის საკითხებით უნდა შემოიფარგლოს. ის უნდა იყოს მხოლოდ შუამავალი ხალხსა და ქრისტეს შორის. პატრიოტებს კარგად უნდა ესმოდეთ ეს საკითხი და არ უნდა მოითხოვდნენ იმას, რამაც შესაძლოა ეკლესიის რღვევას შეუწყოს ხელი…

…ერთხელაც იქნება და ის შესანიშნავი დროც დადგება, როცა ქრისტიანობას ერთი მწყემსი წარუძღვება და ჩვენი მაცხოვრის უზეშთაესი ლოცვა თვალნათლივ აცხადდება. ამისთვის ლოცულობს ეგზომ მხურვალედ აღმოსავლეთის ქრისტიანობა და, როგორც ცნობილია, იგი საუკუნეების მანძილზე ამ ერთიანობის მისაღწევად იბრძვის. დადგება დრო და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი. ეს იქნება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდება არამარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ მათ შეუერთდება ევანგელიკურიც, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს და რომლის არსებობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ, რადგან ნამდვილად არსებობს და აქ თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს. როგორ გაერთიანდებიან ისინი, ეს ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს, ეს სამეცნიერო კვლევის სფერო კი არ არის, არამედ ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა, ჩვენი უფლის რომელ მრევლსაც უნდა ეკუთვნოდეს იგი. ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის აზრი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმური სიყვარულით სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა. ერთიანობა რაღაც წმინდაა და საოცარი. ის ჩვენი უფლის ლოცვაა მამისადმი და ბოლო წინასწარმეტყველებაც, რაც მაშინ ასრულდება, როცა უფალი ინებებს და საამისოდ შესაბამისი დრო დადგება. ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა იგი მალე დადგეს. მხოლოდ სიყვარულს, დიდსულოვნებას, ძმური მოთმინებისა და ტაქტიანი ანგარიშის გაწევის გზას შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე. სიყვარულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება…

                                                                                         

კომენტარები