საქართველოს მორაგბეთა ნაკრები

რაგბი: ეროვნული ჰეიგს ჩააბარეს

საქართველოს რაგბის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: ახალზელანდიელი სპეციალისტი მილტონ ჰეიგი 20 იანვრიდან ორი წლით უხელმძღვანელებს გუნდს. კონტრაქტი ხელშეკრულების დამატებით ორი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ეროვნულის მთავარ მწვრთნელს ორგანიზაცია დიდი ხნის მანძილზე არჩევდა, საერთო ჯამში 60-მდე კანდიდატურა განიხილეს, საბოლოო არჩევანი კი ჰეიგზე შეჩერდა.

მილტონ ჰეიგი წლების მანძილზე ახალი ზელანდიის ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო, 2009-2011 წლებში კი კლუბ სთილერზის თავკაცი და განვითარების ხელმძღვანელი გახლდათ.

ოფიციალური ინფორმაციით, მილტონ ჰეიგი გასამრჯელოს სახით თვეში 9 ათას ევროს მიიღებს.

რაგბის კავშირი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს 20 იანვარს, სპორტის სამინისტროში წარადგენს.

 

კომენტარები