ტელეკომპანია მაესტრო

კიწმარიშვილი: მაესტროს მაკა ასათიანის წილის ნახევარი ოქრუაშვილისაა

 ეროსი კიწმარიშვილი მაკა ასათიანის განცხადებას და ”ინვესტირებული თანხების გაბერვის გზით”  500 000 დოლარის მითვისების ბრალდებას  გამოეხმაურა : "თუ მაკა მოახერხებს თუნდაც ერთი აბზაცის წაკითხვას სწორად იმ თემაზე, რაზეც ეს დიდი წერილია მომზადებული, ბოდიშს მოვიხდი. მან საერთოდ არ იცის რაზეა ლაპარაკი. მაკა ასათიანი იყო ფასადი იმ პროცესისა, რომლის უკანაც წილობრივად იდგა კოტე გოგელია და მეორე მხრივ, ასევე, იდგა ირაკლი ოქრუაშვილი. ირაკლისაც ლეგალური და დასაბუთებული პრეტენზიები ექნება გოგელიასთან მიმართებაში და ამ თემას დიდი გაგრძელება მოჰყვება", - განაცხადა კიწმარიშვილმა. მან აბსურდული უწოდა   500 ათასი დოლარის მითვისებასთან დაკავშირებით  გამოთქმულ ბრალდებას და  მაესტროს გარშემო  შექმნილ აჟიოტაჟში კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.  კიწმარიშვილის თქმით: ” მან შექმნა ეს აჟიოტაჟი, ის დგას ამ პროცესის უკან, მან აღუძრა სიხარბე დამფუძნებლებს და შემდგომ გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც  ტელევიზია პოლიტიკური შანტაჟისა და დაპირისპირების მოედანი გახდა."

შპს "სტუდია მაესტროს" ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის განცხადება გაავრცელა, რომელშიც ასათიანმა  ეროსი კიწმარიშვილი 500 ათასი დოლარის  მითვისებაში  დაადანაშაულა.  "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეროსი კიწმარიშვილს 2010 წლის აგვისტოდან არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ტელეკომპანია მაესტროში,"- აღნიშნულია ასათიანის განცხადებაში.  განცხადების ავტორი ხაზს უსვამს, რომ  კიწმარიშვილმა , როგორც მაესტროს მმართველი კომპანიის წარმომადგენლემა დამფინანსებლების წინაშე აღიარა  აღნიშნული თანხის მითვისება და დადო მისი უკან დაბრუნების პირობაც, თუმცა არ შეასრულა. ასათიანი  ანვითარებს მოსაზრებას, რომ   თანხის დაბრუნების და ვალების გასტუმრების ვალდებულებებისგან  გასაქცევად, კიწმარიშვილმა  ”მაესტრის” შენობაში შეჭრა  მოიფიქრა და ”შეეკრა ხელისუფლებას.” 

”მაკა ასათიანი არ წარმოადგენს მოთამაშეს, ცუდ დღეში ჩააყენა ის თავისმა მეუღლემ კოტე გოგელიამ. მე დიდ პატივს ვცემ მაკას. კოტე გოგელიამ ის პოლიტიკური ამბიციებისთვის გამოიყენა. ის არის "კუკლა", რომლის უკანაც დგანან ირაკლი ოქრუაშვილი და კოტე გოგელია.”- განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში. მისი თქმით ”მაესტროს”   მეწილის მაკა ასათიანის უკან რეალურად მისი მეუღლე კოტე გოგელია და ირაკლი ოქრუაშვილი დგანან და მაკა ასათიანის სახელზე გაფორმებული   25 პროცენტიანი წილის ნახევრი არის გოგელიასი, ნახევრი კი ოქრუაშვილის. ”მოვიდა ბიძინა, უთხრა მოაშორეთ ეროსი და დაქოქეს პროცესი, რომ ჩემთვის შეეწყვიტათ კონტრაქტი. გაყიდვა უკვე შედგა, მაგრამ სჭირდებოდათ საბაბი ტელეკომპანიის მოტივირებული გაყიდვისთვის”- ასეთია კონფლიქტის    შექმნის ის ვერსია , რომელსაც საზოგადოებას ეროსი კიწმარიშვილი სთავაზობს.

 

 

 

კომენტარები