ბიძინა ივანიშვილმა ამერიკული ლობისტური კომპანია BGR Government Affairs დაიქირავა. ბიზნესმენმა კონტრაქტი საკონსულტაციო კომპანია BGR Gabara–სთან გააფორმა, რომელიც ამერიკული BGR Group–ში შედის და ჯგუფის ევროპულ ფილიალს წარმოადგენს. მისი ოფისი ლონდონშია განთავსებული და მის მომსახურეობაში შედის მთავრობებთან ურთიერთობების დამყარება, ძირითადად ლონდონსა და ბრიუსელში, ასევე მედიასთან ურთიერთობა მთელი ევროპის მასშტაბით.
BGR Group–ის შვილობილი კომპანიის, BGR Government Affairs-ის მიერ აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, გაწეული მომსახურეობისთვის კომპანია ყოველთვიურად 25 000 აშშ დოლარს მიიღებს. ივანიშვილთან კონტრაქტის განახლება, რომელიც ძალაში 2011 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა, მხარეებს შორის შეტყობინების საფუძველზე ყოველთვიურად მოხდება.
იმდინარე წლის ზაფხულში ამავე კომპანიასთან კონტრაქტი ირაკლი ალასანიას პარტიამ „ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა“ გააფორმა.
ალასანიას პარტიის მსგავსად, ივანიშვილის შემთხვევაშიც BGR Government Affairs-ი კლიენტს შემდეგი სახის მომსახურეობას უწევს: „კონტაქტების დამყარებას აშშ–ის მთავრობის წარმომადგენლებთან, მედია საშუალებებთან და სხვა პირებთან შეერთებული შტატების ფარგლებში... 2012 წლის სამართლიანი, ღია და პატიოსანი არჩევნების მეშვეობით უფრო ძლიერი ქართული დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით“.
იმავდროულად, civil.ge-ს ცნობით, საქართველოს მთავრობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მეშვეობით, ამჟამად სამი მოქმედი კონტრაქტი აქვს ვაშინგტონში ლობისტურ ფირმებთან, მათ შორის Podesta Group–თან; Orion Strategies–ისთან და გრეგორი მანიატისთან, კონსულტანტთან Ithaca Group-იდან. ამ კონტრაქტების საერთო მოცულობა 840,000 აშშ დოლარს შეადგენს.




